სუპერმარკეტების მოგების მარჟა რამდენიმე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა. ამას ემატება ისიც, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია გაიზარდა და 4.8%-ს აღწევს, ხოლო ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი სურსათის ჯგუფზე ფასების 10%-იანი ზრდა იყო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კი არის. ამასთან, აღნიშნა, რომ ევროპაში საშუალო წმინდა მოგების მარჟა 2%-ია. დღეს ირაკლი კობახიძემ დამატებით განაცხადა, რომ აღნიშნული მოკვლევა ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ჩატარებული.
მონაცემები, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ გადამოწმდეს, რადგანაც საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის საცალო სუპერმარკეტებს ფინანსური ანგარიშგებები გასაჯაროებული აქვთ, სადაც მიღებული შემოსავლები და მიღებული მოგება/ზარალი დეტალურად არის ასახული.
BMG-იმ გადაამოწმა "სპარის", "ნიკორას", "ორი ნაბიჯის", "კარფურის", "მაგნიტის", "აგროჰაბის", "გუდვილის", "დეილის", "გვირილას", "ფრესკოს", "ევროპროდუქტის", "ზღაპარის" და "ჯიბეს" ფინანსური ანგარიშგებები. ეს ქსელები საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის უმსხვილესი მოთამაშეები არიან და მათი ჯამური შემოსავლები მთლიანი კორპორატიზებული (ქსელური მარკეტების) სექტორის 80%-ს აჭარბებს.
ამ კომპანიებიდან ყველას გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ხოლო "სპარს", "დეილის", "გვირილას" და "გუდვილს" ჯერჯერობით 2024 წლის ფინანსური ანგარიში გასაჯაროებული არ აქვთ.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, საქართველოში FMCG სექტორის უმთავრესი მოთამაშეების საშუალო მოგების მარჟა 2023 წელს 2.3% იყო, ხოლო 2024 წელს (რამდენიმე კომპანიის გამოკლებით, რომელთაც ანგარიშგება ჯერ არ გაუსაჯაროებიათ), მოგების მარჟა 1.5%-ს შეადგენდა. შესაბამისად, როგორც 1.5%, ასევე 2.3% საკმაოდ ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში სუპერმარკეტების ქსელების საშუალო მოგების მარჟად დაასახელა.
შესაბამისად, თუკი ევროკავშირის სუპერმარკეტებისთვის პრემიერმა დაასახელა საშუალო მოგების მარჟა, საქართველოს შემთხვევაში, მან მოიხსენია კონკრეტულად ის სუპერმარკეტების მოგების მარჟა, რომელიც შედარებით მაღალია, რადგანაც კონკრეტულ ქსელებს აქვთ 7-8% და 14%-ის მარჟა, თუმცა 10 ძირითადი ქსელის საშუალო მოგების მარჟა 1.5% იყო.
უფრო დეტალურად, კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლების მოგება/ზარალის და წმინდა მოგების მარჟის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის სახით - 2024 წლის შედეგები
| სუპერმარკეტების ქსელი | 2024 შემოსავალი - ლარებში | წმინდა მოგება 2024 წელს ლარებში | წმინდა მოგების მარჟა 2024 წელს |
| ორი ნაბიჯი | 1,355,580,000 ლარი; | 51,539,000 ლარი; | 3.8% |
| ნიკორა | 1,304,266,000 ლარი; | 11,340,000 ლარი; | 0.9% |
| კარფური | 789,080,000 ლარი; | -34,617,000 ლარი; | -4.4% |
| მაგნიტი | 728,799,000 ლარი; | 473,000 ლარი; | 0.1% |
| ჯიბე | 437,508,000 ლარი; | 3,546,000 ლარი; | 0.8% |
| აგროჰაბი | 317,991,000 ლარი; | 24,688,000 ლარი; | 7.8% |
| ფრესკო | 147,320,580 ლარი; | 9,886,603 ლარი; | 6.7% |
| ევროპროდუქტი | 138,710,846 ლარი; | 19,304,390 ლარი; | 13.9% |
| ზღაპარი | 99,954,694 ლარი; | -5,160,242 ლარი; | -5.2% |
| უნივერსამი | 71,523,152 ლარი; | 1,779,000 ლარი; | 2.5% |
| ჯამი | 5,390,733,272 ლარი; | 82,778,751 ლარი; | 1.5% |
(ქსელები დალაგებულია მიღებული შემოსავლების ზომის მიხედვით)
ანალოგიური მონაცემები 2023 წლისთვის - 2024 წლისგან განსხვავებით მასში შედის გუდვილის, სპარის, გვირილას და დეილის შედეგებიც.
| სუპერმარკეტების ქსელი | 2023 შემოსავალი - ლარებში | წმინდა მოგება 2023 წელს ლარებში | წმინდა მოგების მარჟა 2023 წელს |
| ნიკორა | 1,169,278,000 | 34,256,000 | 2.9% |
| ორი ნაბიჯი | 1,116,493,000 | 57,243,000 | 5.1% |
| კარფური | 804,828,000 | 201,000 | 0.0% |
| მაგნიტი | 569,758,000 | 2,379,000 | 0.4% |
| სპარი | 556,211,000 | 8,758,000 | 1.6% |
| ჯიბე | 355,240,000 | 2,912,000 | 0.8% |
| დეილი | 327,281,768 | -5,425,887 | -1.7% |
| გვირილა | 302,144,690 | -21,744,947 | -7.2% |
| აგროჰაბი | 253,950,000 | 20,849,000 | 8.2% |
| გუდვილი | 185,646,000 | 4,337,000 | 2.3% |
| ფრესკო | 131,027,061 | 9,916,212 | 7.6% |
| ევროპროდუქტი | 130,254,296 | 23,358,694 | 17.9% |
| ზღაპარი | 113,124,170 | -3,610,397 | -3.2% |
| უნივერსამი | 71,882,757 | 5,646,789 | 7.9% |
| ჯამი | 6,087,118,742 | 139,075,464 | 2.3% |
(სუპერმარკეტები დალაგებულია მიღებული შემოსავლების მიხედვით)




























