ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროინტეგრაცია უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. როგორც მან „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, "2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით".
ამასთან, "ოცნების" პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ევროპის მხრიდან. "საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ", - დასძინა მან.
კობახიძემ აღნიშნა, რომ "ოცნების" მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე - ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის 28 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოს მასშტაბით, რომელიც უკვე 151-ე დღეა გრძელდება.




























