ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საგამოცდო საკითხებიდან ცალკეული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღება მოსწავლეების მოთხოვნა იყო. კერძოდ, როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, მოსწავლეების მოთხოვნა იყო, რომ საგამოცდო საკითხებში არ შესულიყო თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული.
"ეს ჯანსაღი მოთხოვნაა, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, შესაბამისად, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ", - განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები სპეკულაციაა.
„არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, არის ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის და ეს გამაოგნებელია, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ნაწარმოებებს გულისხმობდა, რაც არ არის შეტანილი სავალდებულო პროგრამაში.
„უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას დაეფუძნა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სურთ ექსპერტთა ჯგუფს შესთავაზონ ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ცნობისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ცნობილი გახდა, რომ ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ), ხოლო ქართული ენის პროგრამაში აღარ ვხვდებით ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის და სხვა მწერლების ათობით ნაწარმოებს. მათ შორისაა: "ბედნიერი ერი", "განდეგილი", "აჩრდილი", "აღმართ-აღმართ", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვა.