პალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს მთავრობა პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. მისი თქმით, პროექტი დეფიციტის და ვალის შემცირებას ითვალისწინებს.
“დღეს, 1 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში შემოიტანს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.
პროექტში გათვალისწინებულია მშპ-ის ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირება მშპ-თან მიმართებით, რაც პირადად ჩემთვის არსებითია და რაზეც მე დაჟინებით ვსაუბრობდი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან - ბიუჯეტის პროექტში არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება.
დეფიციტის პარამეტრის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობისათვის", - წერს ირაკლი კოვზანაძე Facebook-ის გვერდზე.
2021 წელს საქართველოს მთავრობა 19.5 მილიარდ ლარს ხარჯავს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბიუჯეტია - ასეთი დიდი ზომის ხარჯების მიზეზი პანდემიური ეკონომიკური კრიზისის გამო გაზრდილი ხარჯებია. სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი თანხით - 6 მილიარდი ლარით ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსდება.
ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა მომდევნო წლის ბიუჯეტის ზომის ზრდა დაგეგმილი.