საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქვეყანაში არმატურის იმპორტზე დამატებითი ანტიდემპინგური ტარიფის დაწესების საჭიროება არ დგას, რადგანაც ისედაც მოქმედებს არმატურის იმპორტის სატარიფო მოსაკრებელი.
კონკურენციის სააგენტომ არმატურის ბაზრის შესწავლა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. ირაკლი ლექვინაძის თქმით, უწყებამ შესწავლა ფაქტობრივად დაასრულა.
"დემპინგთან დაკავშირებით პრაქტიკულად ჩვენ დავასრულეთ შესწავლა არმატურის ბაზართან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილობა ტარიფის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგანაც ქვეყანაში, ისედაც მოქმედებს დამცავი ტარიფი, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას მნიშვნელოვნად ეხმარება. ამიტომ, ჯერჯერობით ანტიდემპინგური ტარიფების შემოღების საჭიროება არაა ამ კუთხით,"- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
არმატურის ბაზრის შესწავლის პარალელურად, იქამდე სანამ სააგენტო შესაბამის ანგარიშს მოამზადებდა, 2024 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე სპეციალური ტარიფის გადაწყვეტილება მიიღო ტონაზე 400 ლარის ოდენობით. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ირანული არმატურის იმპორტი მკვეთრად იზრდებოდა.
2025 წლის 9 თვეში საქართველოში სულ 102 მილიონი დოლარის 181 ათასი ტონა არმატურა შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 143 მილიონ დოლარს და 248 ათას ტონას აღწევდა.
კითხვაზე თუ რა ეფექტი ჰქონდა ამ ტარიფებს ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ მის შედეგად იმპორტის მოცულობა შემცირდა.
"თუ ვნახავთ ადგილობრივი ინდუსტრიის მაჩვენებლებს ტარიფამდე და ტარიფის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ლექვინაძემ.
2025 წლის 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი - 68 მილიონი დოლარის ღირებულების არმატურა თურქეთიდან შეიძინა.




























