„კომპანია „იგლ ჰილსის" პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის", - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა და დაინტერესება როგორც ქართველების, ისე უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან იყო.
"თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი, საიდანაც 60 პროცენტამდე ქართველებზე გაიყიდა. ასევე საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტთან, მისი ფასების და მყიდველების ეროვნების ნაწილში, იყო სპეკულაცია და მას არ ედო საფუძვლად არავითარი არგუმენტი და დასაბუთება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა ინვესტიციის ზომის მიხედვით და წარიმართება იმავე პრინციპებით, როგორც ბევრი სხვა დეველოპერული პროექტი.
„დაინტერესება, რაც საქართველოს უძრავი ქონების მიმართ არსებობს უცხოელი ინვესტორების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, აბსოლუტურად ჯანსაღია და არავითარი ადგილი რაიმე ტიპის არაბიზაციას ან სხვა მოვლენებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში არ აქვს საფუძველი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრში "Eagle Hills საქართველოს" სარეგისტრაციო მონაცემების განახლების შემდეგ, ცნობილი გახდა, კომპანიის გენერალური დირექტორის ვინაობა.
საჯარო რეესტრის მიერ ატვირთული განახლებული მონაცემების მიხედვით, "იგლ ჰილს საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი Eagle Hills-ის პროექტებში მენეჯერის პოსტს საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იკავებს. ის ასევე არის მონტენეგროში Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორი.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.




























