საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესმა მწარმოებელმა “ქართული ცემენტი” (ყოფილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) 2024 წლის ფინანსური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 659 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია.
ამასთანავე, კომპანიის წმინდა მოგებამ 189 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 96 მილიონი ლარის მოგებასთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება 627 მილიონი ლარს შეადგენს.
გერმანული Heidelberg Materials-ი 2023 წლამდე კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას "ახალი ჰანიველ ცემენტის" სახელით სთავაზობს.
კომპანიის მფლობელთა სია ასე ნაწილდება:
ქ-ნი სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი - 10%;
ნოდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Cement Invest B.V. - 90%;
თავის მხრივ - Cement Invest B.V. -ის 50.5%-ის მფლობელია Park Street Capital Lux Sarl, რომელიც ირაკლი რუხაძის ბიზნეს ჰოლდინგს ეკუთვნის;
თავის მხრივ - Cement Invest B.V. -ის 49.5%-ის მფლობელია Meadowsweet Assets Limited-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა.
2024 წელს „ქართულმა ცემენტმა“ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჯამში 659 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის 564.7 მილიონ ლართან შედარებით 17%-ით მეტია.
შემოსავალი სხვადასხვა სეგმენტიდან ასე გადანაწილდა:
- ცემენტი: 364 მილიონი (ზრდა 10.80%)
- ბეტონი: 221 მილიონი (ზრდა 26.40%)
- კლინკერი: 60 მილიონი (ზრდა 22.30%)
- კირქვა: 1 მილიონი (კლება -14.50%)
- სხვა მომსახურებები: 13 მილიონი (ზრდა 17.80%)
რაც შეეხება ხარჯებს ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთავარი ხარჯები ასე ნაწილდებოდა - ნედლეული 99 მლნ ლარი; საწვავი 61 მილიონი ლარი; ნედლეულის ტრანსპორტირება 59 მილიონი ლარი; კომპანიას ასევე გააჩნდა 44 მილიონი ლარის ელექტროენერგიის ხარჯი, სახელფასო ხარჯები კი 38 მილიონ ლარს შეადგენდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2024 წელს საწვავის წყაროების დივერსიფიკაცია მოახერხა, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებიდან ნახშირის შეძენის გზით. კომპანია ამ მხრივ საქართველოში ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელია.




























