მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ცემენტის" შემოსავალმა ₾565 მილიონს მიაღწია

ჰანიველ ცემენტი

საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესმა მწარმოებელმა “ქართული ცემენტი” (ყოფილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 564.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51.2 მილიონი ლარით მეტია.

ამასთანავე, კომპანიის წმინდა მოგებამ 96.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 129.4 მილიონი ლარის მოგებასთან შედარებით შემცირებულია.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება 611.9 მილიონი ლარს შეადგენს.

გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას "ახალი ჰანიველ ცემენტის" სახელით სთავაზობს. 2024 წლის დეკემბერში შეიცვალა ჯგუფის აქციონერების სტრუქტურა, რის შედეგადაც ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" კუთვნილი კომპანია Park Street Capital Sarl-ი ფლობს კომპანიის 50.5%-იან წილს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ფლობს კომპანიის 49.5%-ს.

2023 წელს „ქართულმა ცემენტმა“ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჯამში 564.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის 513.5 მილიონ ლართან შედარებით 51.2 მილიონი ლარით (10%) მეტია​.

შემოსავალი სხვადასხვა სეგმენტიდან ასე გადანაწილდა:

  • ცემენტი – 328.9 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 315.1 მილიონ ლართან შედარებით 13.8 მილიონი ლარით (4.4%) მეტია.
  • ბეტონი – 174.7 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 133.4 მილიონ ლართან შედარებით 41.3 მილიონი ლარით (31%) ზრდას წარმოადგენს.
  • კლინკერი – 49.2 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 37.1 მილიონ ლართან შედარებით 12.1 მილიონი ლარით (32.6%) მეტია.
  • კირქვა – 1 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 0.8 მილიონ ლართან შედარებით 0.2 მილიონი ლარით (25%) გაზრდილია.
  • სხვა მომსახურებები – 10.9 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის 27.1 მილიონ ლართან შედარებით 16.2 მილიონი ლარით (59.8%) ნაკლებია​

რაც შეეხება ხარჯებს ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთავარი ხარჯი საწვავთან არის დაკავშირებული, რამაც 2023 წელს 76 მილიონი ლარი შეადგინა. ნედლეულის ხარჯი 67 მილიონი ლარი იყო, ნედლეულის ტრანსპორტირების ხარჯი კი 54 მილიონი ლარი, კომპანიას ასევე გააჩნდა 44 მილიონი ლარის ელექტროენერგიის ხარჯი, სახელფასო ხარჯები კი 33 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2023 წელს საწვავის წყაროების დივერსიფიკაცია მოახერხა, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებიდან ნახშირის შეძენის გზით. კომპანია ამ მხრივ საქართველოში ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები