ირანი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შემდეგ ისრაელს რევანშით ემუქრება. ოფიციალური თეირანი ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში სწორედ ისრაელს ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ისრაელი პირდაპირ არ გამოხმაურებია "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის ამბავს, თუმცა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანამ მტრებს "გამანადგურებელი დარტყმები" მიაყენა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში "საშიში ესკალაციის" საფრთხეა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაძაბულობის განმუხტვაზე იმუშავებს და თუ კი ისრაელს თავს დაესხმებიან, ის მას დაეხმარება.
ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობდა, გასული წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, პალესტინის საერთაშორისო დიპლომატიური ჯგუფის სახედ იქცა.