7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზას სექტორიდან ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთ რეგიონზე მოულოდნელი იერიში მიიტანა. ამის შემდეგ კი ისრაელსა და ჰამასს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვეში რეგიონულ კონფლიქტად გადაიზარდა.
გასულ შაბათ-კვირას კონფლიქტში პირდაპირი გზით ჩაერთო ირანი, რომელმაც ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება, რაკეტების 99% წარმატებით იქნა მოგერიებული.
როგორც ოფიციალური თეირანი იტყობინება, ეს ნაბიჯი ისრაელის მიერ ორი კვირის წინ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის პასუხი იყო. ირანის შეფასებით, ეს იყო საპასუხო ქმედება, რომელსაც ახლა თავად ისრაელმა პირდაპირი თავდასხმით არ უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი მხოლოდ დრონებით არ შემოიფარგლება და საქმეში გაცილებით უფრო მძიმე არტილერიას ჩართავს.
ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელი, უცნობია, თუმცა ქვეყნის მთავრობამ უკვე დადო პირობა, რომ ირანი საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს. ამ ქვეყნებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ, დიდი ალბათობით, ორივე მხარეს აქვს ბირთვული იარაღი, ამიტომ პირდაპირი ომის წამოწყება არცერთის ინტერესებში არ შედის. აქვე გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი, რომელიც ისრაელის დასაცავად ძალ-ღონეს არასოდეს იშურებს, ანუ ეს კონფლიქტი პოტენციურად მსოფლიო ომის წამოწყების მიზეზად შეიძლება იქცეს და ამას ყველა მხარე კარგად აცნობიერებს.
რაც შეეხება ირანის ინტერესებს, მას კონფლიქტი აქვს როგორც ისრაელთან, ასევე სხვა არაბულ სახელმწიფოებთან, ამის მიზეზი კი ქვეყანაში გაბატონებული ექსტრემისტული დიქტატურაა. ირანის მთავარი იარაღი ტერორიზმია, ის მსოფლიოს მასშტაბით ათობით ტერორისტულ დაჯგუფებას უჭერს მხარს, მათ შორის, ჰამასს და ჰუსიტთა გაერთიანებას - ამ ორმა კი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნამდვილად დაიმსახურეს მსოფლიოს ყურადღება.
თავისი არსით, ირანის მიზანი ისრაელის სრულად განადგურება და პალესტინური სახელმწიფოს აღორძინებაა, შესაბამისად, მის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას დიდი აზრი არ აქვს, ერთადერთი ეფექტიანი გზა კი იარაღზე გადის. ისრაელი კბილებამდე შეიარაღებული სწორედ ამიტომაა, ირანი მისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და მისგან თავდაცვის მიზნით, ქვეყანამ ისეთი თავდაცვის სისტემა განავითარა, რომლის ტოლ-სწორი დედამიწაზე მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს - ამერიკას.
ახლა კი ისევ ჰამასთან რომ გადავინაცვლოთ, რა შუაშია მთელ ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ღაზის სექტორი და რას ცდილობს ჰამასი?
ღაზის სექტორი ჰამასის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, რომელიც 2007 წლის შემდეგ ბლოკადაშია მოქცეულია. ტერიტორია 365 კვადრატული კილომეტრის მოცულობისაა და იქ დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიისა და მოსახლეობის ამ შეფარდებით ღაზის სექტორი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.
გარდა ამისა, ღაზის სექტორის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი წერტილიცაა, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 90%-ს აღწევს. რეგიონის ეკონომიკის ფაქტობრივად გაცამტვერებულია, ღაზის სექტორში უმუშევრობის დონე 99%-ს აღწევს, რაც აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს არცერთი მსხვილი კომპანია, შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორებშია დასაქმებული.
2007 წლიდან მოყოლებული, ტერიტორია თითქმის სრულად ექვემდებარება ჰამასის კონტროლს, შესაბამისად, ღაზაში არ არსებობს არც ლეგიტიმური მთავრობა, არც ეროვნული არმია და არც პოლიცია. ღაზას ფაქტობრივად არ აქვს ძირითადი სახელმწიფო ორგანოები, შესაბამისად, კანონის დადგენასა და აღსრულებასაც თავად ტერორისტული დაჯგუფება უზრუნველყოფს.
რეალურად, ღაზის ეკონომიკა უფუნქციოა და ეს რეგიონი სრულადაა დამოკიდებული გაეროს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე. ჰუმანიტარული დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქციას უგზავნიან.
ტერორისტული დაჯგუფების მმართველობის ქვეშ, რეგიონი ვერ ვითარდება. საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარება, უმეტესწილად, ჰამასის საკუთრება ხდება, ღაზის სექტორში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი კი ისედაც ჰამასის კონტროლს ექვემდებარება. ძალის ასეთი გადანაწილების ფონზე, ღაზაში ექსტრემალურად მაღალია ჰამასის ჯგუფის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რაოდენობა, რადგან ჰამასთან წინააღმდეგობის გაწევა, ძირითადად, ნებისმიერი მოქალაქისთვის ფატალურად სრულდება.
ტერორისტული დაჯგუფების წევრების ასეთი სიმრავლე განსაკუთრებით ართულებს რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის და ტერორისტების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ბუნებრივია, ამ მოცემულობით დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.
ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ღაზას სექტორში სამხედრო ტექნიკის და იარაღის დეფიციტი არ შეიმჩნევა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება ეკონომიკაში დაგროვილ ფულს სწორედ იარაღის შესყიდვაზე ხარჯავს. ღაზის სექტორით მომარაგებაზე კი ირანი ზრუნავს, რომელიც ჰამასის, ჰეზბოლას და რეგიონში წარმოდგენილი სხვა ტერორისტული დაჯგუფებები აქტიური მხარდამჭერია. ექსპერტების შეფასებით, ჰამასი შეიარაღებაზე ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს ხარჯავს, რაც ძირითადად ირანიდან მიღებული ფულია.
რეალურად, ჰამასი წარმოადგენს ირანის მარიონეტულ დაჯგუფებას, რომელიც აკონტროლებს ისრაელის მეზობლად არსებულ უდიდეს ტერიტორიას და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სანამ ღაზაში ჰამასი იბატონებს, ისრაელი ვერ დაისვენებს, რადგან ჰამასის გავლით ირანი ყოველთვის შეეცდება ისრაელის შიგნიდან გატეხას, მთელ ამ გეოპოლიტიკურ და ტერორისტულ დაპირისპირებაში კი, სამწუხაროდ, ის ადამიანები იღუპებიან, რომელთაც არც ჰამასი და არც ირანი საკუთარი ნებით არ აურჩევიათ.