მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა - G7-ის განცხადება და ტრამპის ნაადრევი წამოსვლა სამიტიდან

G7

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში მიმდინარე დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრა ნაადრევად დატოვა. ამის მიზეზად თეთრმა სახლმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები დაასახელა. ტრამპი მანამდე თეირანის ევაკუაციის მოწოდებით გამოვიდა, მან ასევე თქვა, რომ ირანი უნდა დათანხმდეს ბირთვულ შეთანხმებას.

ამის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტრამპის წასვლის მიზეზად ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მუშაობა დაასახელა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით უპასუხა: "წარმოდგენა არ აქვს მას [მაკრონს] რატომ ვბრუნდები ვაშინგტონში. ეს ნამდვილად არ უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტას", - დაწერა მან Truth-ზე.

როგორც Reuters წერს, G7-ის წევრებს უჭირთ შეთანხმება უკრაინის ომთან დაკავშირებით იმ პირობებში, როცა ტრამპი ღიად აფიქსირებს ვლადიმერ პუტინის მიმართ მხარდაჭერას და რუსეთისგან განსხვავებით, საკუთარ მოკავშირეებს ტარიფებსაც უწოდებს. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა ერთობლივ განცხადებას, სადაც ირან-ისრაელს შორის დაპირისპირების დეესკალაციაზეა მოწოდება. ამას გარდა, დიდი შვიდეული მხარს უჭერს ისრაელს და მის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი. განცხადებაში ირანი ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციისა და ტერორის მთავარ წყაროდ არის მოხსენიებული, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

"ყურადღებით დავაკვირდებით საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ შედეგებს და მზად ვართ კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერია საერთო განცხადებაში.

G7-ის ლიდერების მოწოდებაა, რომ ირანის კრიზისის მოგვარებას უნდა მოჰყვეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა. G7-ის ქვეყნები, რომელიც აერთიანებს დიდ ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიასა და აშშ-ს სამიტზე კანადაში შეიკრიბნენ. ტრამპმა გამოთქვა უკმაყოფილება ამ ჯგუფიდან რუსეთის გაძევებაზე, 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთი გამოაძევეს ამ ჯგუფიდან, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა არასწორი უწოდა.

13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები