მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი, რუსეთი, ბელარუსი - რომელი ქვეყნების მაღალჩინოსნებს უწესებს აშშ სავიზო სანქციებს?

აშშ

აშშ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის. ამჯერად სანქციები ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებს მოჰყვა, რაც პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე აჩერებს.

პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალა, დააკავა 400-მდე ადამიანი. მათ დიდ ნაწილს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციების პარალელურად, აშშ-მა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეაჩერა.

ჯამში სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ხელისუფლების 100-ზე მეტ წარმომადგენელს შეეხო.

გუშინ, 12 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები. წინა შემთხვევების მსგავსად, უცნობია სანქცირებულ პირთა ვინაობა.

სავიზო შეზღუდვების გარდა, აშშ-მა უფრო მძიმე ფინანსური ხასიათის სანქციები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ზვიად ხარებაშვილის, მილერი ლაგაზაურის, ასევე ალტინფოს ლიდერების კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ 2024 წლის სექტემბერში. სანქციები ეფუძნება მაგნიტსკის აქტს, რომელსაც აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს. ამ აქტით სანქცირებულთა სია საკმაოდ გრძელია და აქ შედიან გვატემალის; გვინეის; ზიმბაბვეს და რუსეთის მაღალჩინოსნებიც.

რაც შეეხება სავიზო შეზღუდვებს, ვიზასთან დაკავშირებით შეზღუდვები აშშ-ს დაწესებული აქვს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის. ასევე, რუსი მაღალჩინოსნებისთვის უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, მათ შორის უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სავიზო შეზღუდვები ასევე დაწესებული აქვს ირანელი მაღალჩინოსნებისთვის, აქაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები