ირანი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას გმობს და ვაშინგტონის ქმედებას „სახელმწიფო ტერორიზმად“ აფასებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ქმედება ვენესუელის სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ეროვნული ნების აშკარა დარღვევაა. არაღჩიმ საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის „მტკიცე მხარდაჭერა“ ვენესუელის მოსახლეობისა და მისი არჩეული მთავრობის მიმართ.
თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანს „პრინციპული პოზიციისა“ და გამოცხადებული სოლიდარობისთვის მადლიერება გადაუხადა.
„ვენესუელის ხალხს და მთავრობას მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი და თვითგამორკვევის უფლება შეერთებული შტატების უკანონო და დაშინების პოლიტიკის წინაშე“, განაცხადა ივან გილ პინტომ.
ირანსა და ვენესუელას მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ. ორივე ქვეყანა აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების რეჟიმში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს გამთენიისას კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.




























