მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[ირანის პრეზიდენტის] ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო" - კობახიძე

ირანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანში ამ დროს რეგიონის ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელი იმყოფებოდა.

"მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. მათ შორის ჟოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენმდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერ-მინისტრები", - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნიდა თუ არა პრემიერს უხერხულობას, ავტორიტარულ რეჟიმებთან და ტერორისტულ დაჯგუფებებთან გვერდით დგომა, როდესაც ქვეყანა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს სპეკულაციაა.

"თქვენ ხომ ხვდებით, რომ ეს მარტივი სპეკულაციაა. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. მე როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონდა დავალებული ამ თემის აწევა, მაგრამ მაინცდამაინც წარმატება არ აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგალითად, მაგრამ იქ ეს თემა არ აუწევიათ, რადგან სომეხ ლომჯარიებს არ დააბარეს ის, რაც - საქართველოში დააბარეს", - აცხადებს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები