ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, ქვეყნის უმსხვილეს სანავთობო ჰაბზე, კუნძულ ხარგზე, რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ თეირანს ზარალის ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, ცნობილია, რომ მოკავშირეებმა მიზანში თავდაცვითი და სამხედრო ობიექტები ამოიღეს. ენერგეტიკული ობიექტები კი კვლავ ხელუხლებლად დატოვეს.
ხარგზე მიტანილ იერიშს წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არაერთი გაფრთხილება უძღოდა. ის ირანული ინფრასტრუქტურის შესაძლო განადგურების შესახებ ჯერ კიდევ ორი დღის წინ წერდა. 30 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ამერიკული მხარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროსადგურებს, ასევე ხიდებს ამოიღებდა მიზანში.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა ხარგის კუნძულზე დარტყმები მარტის შუა რიცხვებშიც მიიტანა და მაშინაც მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზღვაო ბაზა დაზიანდა, ნავთობის მოპოვების ინფრასტრუქტურა კი ხელუხლებელი დარჩა.
ცნობისთვის, კუნძული ხარგი ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს და ის ქვეყნის ეკონომიკის უმთავრეს საყრდენად მიიჩნევა.
ექსპერტთა შეფასებით, კუნძულზე ნავთობის ექსპორტის შეფერხებას გლობალურ ბაზარზე მიწოდების დღიურად 2 მილიონი ბარელით შემცირება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ საპასუხო ზომებით უკვე დაიმუქრა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიც, რომელიც პირობას დებს, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის საპასუხოდ არმია მხოლოდ რეგიონული მასშტაბით არ შემოიფარგლება და ამერიკულ და ისრაელურ ინტერესებს გლობალურ დონეზე დააზიანებს.




























