აშშ-ისრაელის კოორდინირებული საჰაერო იერიშების შედეგად გასულ ღამეს ირანის ორი უმსხვილესი მეტალურგიული გიგანტი - Khuzestan Steel Company და Mobarakeh Steel Company სრულად გაჩერდა.
კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ საწარმოო ხაზების აღდგენას მინიმუმ ექვსი თვიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ირანისთვის, როგორც მსოფლიოში ფოლადის მე-10 უმსხვილესი მწარმოებლისთვის ეს დარტყმა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან აღნიშნული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების შეფასებით, ფოლადის წარმოებისა და ექსპორტის შეჩერებით ირანის ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო კამპანიის სამიზნე მხოლოდ ინდუსტრიული ობიექტები არ ყოფილა; დაიბომბა თეირანისა და ქარაჯის დამაკავშირებელი სტრატეგიული ხიდი, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ირანის უდიდესი ხიდი ჩამოინგრა და მას ვეღარასდროს გამოიყენებენ“. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Tofigh Daru-ზე მიიტანეს იერიში. საუბარია საწარმოზე, სადაც ანესთეზიური და ონკოლოგიური პრეპარატები მზადდებოდა. ისრაელის მტკიცებით, ობიექტი სამედიცინო დანიშნულების ნაცვლად ქიმიური იარაღის, კერძოდ ფენტანილის კვლევებისთვის გამოიყენებოდა. ოფიციალური თეირანი აღნიშნულ საწარმოზე დარტყმას უკვე გამოეხმაურა და მას „საერთაშორისო ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე თავდასხმა” უწოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საპასუხო დაბომბვა განახორციელა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე, მათ შორის ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის ღრუბლოვანი გამოთვლების ცენტრზე მიიტანა იერიში.




























