აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
ირანის რეჟიმს აღნიშნული ჯერჯერობით არ დაუდასტურებია და უარყოფს ტრამპის არაერთ წინა განცხადებას, შეთანხმების მიღწევის პროგრესთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი და აშშ შუამავლების მეშვეობით ურთიერთობენ, თეირანი უარყოფს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შესაძლოა, ტრამპი გულისხმობდა ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის მიერ სამშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ განცხადებას. ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ირანი მზადაა ომის დასასრულებლად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეაჩერებს თავდასხმებს და ირანი მიიღებს ომის განახლების პრევენციის გარანტიებს.
"ირანის რეჟიმის ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც გაცილებით ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა! ჩვენ ამას განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ღია, თავისუფალი და უსაფრთხო გახდება," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანამდე აშშ გააგრძელებს "ირანის დაბომბვას მის სრულ განადგურებამდე ან, როგორც იტყვიან ხოლმე, ქვის ხანაში დაბრუნებამდე".
გუშინ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ირანიდან, შესაძლოა, 2-3 კვირაში გამოვიდეს.




























