ოფიციალურმა თეირანმა მიიღო გადაწყვეტილება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოდ გამოყენების უფლება მისცეს ინდოეთს, ჩინეთს, რუსეთს, პაკისტანს, ერაყსა და ბანგლადეშს. როგორც ირკვევა, მათი ხომალდები ომის გამო დახურულ საკვანძო მონაკვეთს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გაივლიან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განმარტა, რომ ისრაელთან და აშშ-სთან მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, სრუტე „მეგობარი ქვეყნებისთვის“ ღიად დარჩება. მეტიც, ირანის შეიარაღებული ძალები აღნიშნული სახელმწიფოების კუთვნილ ტანკერებსა და სატვირთო ხომალდებს სპეციალურ ესკორტს გაუწევენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შეფერხება ან დივერსია.
პარალელურად, თეირანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მკაცრად კრძალავს სრუტეში იმ ქვეყნების გემების შესვლას, რომლებიც კონფლიქტში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენენ ან მათთან თანამშრომლობენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი ირანმა მსოფლიოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გადადგა და ის მიზნად გლობალური მიწოდების ჯაჭვის აღდგენას ისახავს. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში აშშ-მა და ისრაელმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება რეკორდულად, 95%-ით შემცირდა.
Reuters-ის მონაცემებით, თუ ადრე დღიურად საშუალოდ 120 ტრანზიტი ფიქსირდებოდა, მარტის განმავლობაში სრუტე ჯამში მხოლოდ 155-მა ხომალდმა გადაკვეთა. არაღჩის განცხადებით, დასავლური მედიის გავრცელებული ინფორმაცია სრუტის სრული ბლოკირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და გადაზიდვების უსაფრთხოება იმ ქვეყნებისთვის იქნება გარანტირებული, რომლებმაც თეირანთან წინასწარი კოორდინაცია გაიარეს.




























