ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებს მინიმუმ ორი რაკეტა ესროლეს - ამის შესახებ გამოცემა Axios აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორივე გემი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება ომანის მახლობლად მოძრავი ტანკერიდან, რომელსაც უცნობი ჭურვი მოხვდა და ხანძარი გაუჩნდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მეორე კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების ვარაუდით, მომხდარის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა, ირანულ სამიზნეებზე საპასუხო იერიშით მალევე გადავიდეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის სრუტეში თავდასხმების შეჩერების შესახებ ერთკვირიან შეთანხმებას ვადა ამოეწურა.
მანამდე, გასულ კვირას, დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი გაიმართა, თუმცა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე მხარეებმა პროგრესს ვერ მიაღწიეს.




























