Galt & Taggart-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე დაპირისპირების პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ტურიზმი ყველაზე მოწყვლად სფეროდ რჩება.
ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში, რომელიც ახლო აღმსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება.
28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის სამხედრო თავდასხმამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ვოლატილობა გაზარდა, ასევე დროებით შეფერხდა არა მხოლოდ ირანში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა.
გავლენის შეფასება მოიცავს სავალუტო შემოდინების წყაროებზე, რაც მოიცავს ტურიზმს, ფულად გზავნილებს, პირდაპირ ინვესტიციებსა და ექსპორტზე დაკვირვებას. Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, ამ სამხედრო დაპირისპირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება.
ირანთან საქართველოს პირდაპირი კავშირები საკმაოდ შეზღუდულია. შარშან მთლიან სავალუტო შემოდინებებში ირანის წილი მხოლოდ 0.9% იყო. აქედან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდიოდა მთლიანი მოცულობის 2.6%, ექსპორტზე 0.5%, ხოლო ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ფაქტობრივად არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, Galt & Taggart-ი აცხადებს, რომ მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ მოკლევადიან შეფერხებებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური გავლენა ჰქონდეს.
საქართველოსთვის ისრაელი უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კუთხით. შარშან ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი შემოსავლების 12.5%, ხოლო ფულადი გზავნილები მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენდა, რაც ისრაელზე საქართველოს სავალუტო დამოკიდებულების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ისრაელიდან მცირეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ასევე, საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტი თითოეული მშპ-ის 0.1%-ის ტოლფასია. მთლიანობაში, ისრაელის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში მშპ-ის 2.5% იყო, რაც ზომიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
საქართველოს კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ასევე შეზღუდულია, თუმცა დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი მოცულობის 4.5%-ს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4.2%-ს შეადგენდა. ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შეფარდებით მცირეა (მშპ-ის 1.1%), თუმცა მოკლევადიან პერიოდში ტურიზმი ყველაზე მოწყვლად სფეროდ რჩება.
2025 წელს ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ჯამურმა იმპორტმა მთლიანი იმპორტის დაახლოებით 4% შეადგინა, რაც ძირითადად ტელეფონებს, სამშენებლო მასალებსა და სხვა სახის პროდუქციას მოიცავდა. აღნიშნული საქონლის ჩანაცვლება სხვა მიმწოდებლებით (მაგალითად თურქეთი და ჩინეთი) შესაძლებელია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტის შეფერხება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკურ აქტივობაზე აისახოს.




























