მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანთან ვაჭრობის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სანქციების გვერდის ავლის შესახებ ბრალდებები „სრული ტყუილია“ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ეხმაურება ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ კვლევასა და ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ საქართველო შესაძლოა ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდეს.

კობახიძე წარმოდგენილ კვლევას ტყუილს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ირანთან არსებული სავაჭრო ბრუნვის სიმცირე მსგავს ეჭვებს საფუძველს აცლის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობაა იმის მტკიცება, რომ საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება. თავის პოზიციის გასამყარებლად კი საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას იშველიებს.

„ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ტყუილი და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი. სანქციების გვერდის ავლა, ნახევარპროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1.4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ეკონომიკური მაჩვენებლებისა, კობახიძემ მწვავედ გააკრიტიკა კვლევის ავტორები. მან ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.

შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა მასალა, რომელიც Civil IDEA-ს ანგარიშს ეყრდნობა. დოკუმენტის მიხედვით, 2022-2025 წლებში 72-მა ქართულმა კომპანიამ ირანიდან ნავთობპროდუქტები შემოიტანა, იმპორტიორებს შორის კი „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიებიც ფიქსირდებიან.

ამ ფაქტზე 7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რასაც პრემიერმა „საქართველოს მტრობის“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

12 800-ზე მეტი რეგისტრირებული ბიზნესი და $290-მილიონიანი ბრუნვა - საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობები ციფრებში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები