ეროვნული ბანკის განცხადებით, შემუშავდა დებულება, რომელშიც განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს შეამცირებს.
სებ-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დებულების შესრულება ყველა კომერციული ბანკისთვის სავალდებულოა. ამასთან, მისი მიზანია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირება და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობა. ამას გარდა, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ.
“ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით, აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. ირანის მიმართ აშშ-ს სრულმასშტაბიანი სანქციების მოქმედების პირობებში ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ან/და ირანული წარმოშობის საქონელთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციები, მათ შორის ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშსწორება, შესაძლებელია, აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს.
აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ”, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.