მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანული ნავთობის მთავარ იმპორტიორად ისევ ჩინეთი რჩება

ჩინეთი ირანი
26.06.25 00:30
403

ბოლო დღეებში ირანსა და ისრაელს შორის გამწვავებულმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება ამ კუთხით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამ მიიქცია. მან აღნიშნა, თუ რამდენადაა დამოკიდებული ჩინეთი ირანულ ნავთობზე და რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობითა და სტაბილურობით აზიური გიგანტიც არანაკლებ უნდა იყოს დაინტერესებული.

თავად ჩინეთმა ირანთან ნავთობით ვაჭრობა 70-იან წლებში დაიწყო. დროთა განმავლობაში, ეს ურთიერთობა გაღრმავდა და მიაღწია ნიშნულს, როცა ჩინეთის ნავთობის შესყიდვების 1/10 ამ ქვეყანაზე მოდის. კონკრეტულად, ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად ირანი 1,38 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდის ჩინეთს, რითაც მათი მოთხოვნის 13,6%-ს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ აზიური გიგანტი ამ თვალსაზრისით ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მისი ნავთობის ექსპორტის 90% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

როცა ვსაუბრობთ ჩინეთზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ირანულ ნავთობს მხოლოდ მცირე და დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, ე.წ. თიფოთები ყიდულობენ. მსხვილი ბიზნესი ითვალისწინებს შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და ერიდება ირანთან ვაჭრობას. მეტიც, 2022 წლის ივლისიდან ჩინეთი ირანს ნავთობის მიმწოდებელთა სიაშიც აღარც კი მოიხსენიებს. ბოლო პერიოდში დაწესებული დამატებითი სანქციები ასევე აისახა არსებულ მაჩვენებლებზე. გასულ წელთან შედარებით, როცა ჩინეთი ირანისგან ყოველდღიურად 1,48 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა, წელს ექსპორტი 7%-ით შემცირდა. იმ 100,000-ბარელიან დეფიციტს კი, რომელიც სანქციების გამო შეიქმნა, “თიფოთები” ალტერნატიული მომწოდებლების დახმარებით ავსებენ.

მიზეზი, თუ რატომ არ წყვეტენ ჩინური ნავთობგადამამუშავებლები სანქცირებულ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ სანქციებია. სავაჭრო პარტნიორების შემცირების ფონზე, ირანს მოუწია ნავთობის ფასის შემცირება. დღეს ჩინური “თიფოთები” ირანულ ნავთობს საბაზრო ფასზე 10%-ით იაფად ყიდულობენ.

ისრაელსა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება გარკვეულწილად დასრულდა და ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდებასაც საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, სავარაუდოა, რომ მოკავშირის დასუსტების ფონზე აზიური გიგანტი კიდევ უფრო შეამცირებს ირანზე დამოკიდებულებას და დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძიებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები