„სახლს მარტო ვერ ააშენებ... ის ბიზნესი, რომელიც ახლა ხმას არ იღებს, გრძელ ვადაში საკუთარ თავს აზიანებს“ - ასე ფიქრობს შეფი ლუკა ნაჭყებია.
ის „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა და საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელშიც აქტიურად აფიქსირებდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს არ გამორიცხავდა.
"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...“ - წერდა ლუკა ნაჭყებია მარტი-აპრილის აქციების დროს.
"წერტილთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი მოლოდინი გარკვეულწილად გამართლდა და სხვადასხვა ფორმით მუქარის გზავნილებსაც იღებდა, მაგრამ ამისთვის მზად იყო და მისი „ბიზნესი კარგად არის“.
„დეტალებზე საუბარი არ მინდა. ბიზნესი კარგად არის. ზოგადად, ძალიან კეთილსინდისიერი მოდელით ვმუშაობთ და ეგ არ გვაშინებს... პიროვნულად მაშინებდნენ, მაგრამ მზაობა მქონდა. მე და ჩემს ოჯახს გამოვლილი გვაქვს მსგავსი ზეწოლები წინა მთავრობის დროსაც. არც ეს დაშინებები იყო ჩემთვის უცხო. ახლა შვილი შემეძინა და მინდა, ჩემი შვილი ქართველი იყოს. ემიგრაციას არ განვიხილავ და არ მინდა ჩამოშლილ ქვეყანაში გაიზარდოს, ამიტომ არ შემაშინებს ეგეთი რაღაცები… „ნაცების დროს რას გიზამდნენ“ - ყოველთვის ამას მეუბნებიან და “დიდი მადლობა”, რომ არ მკლავენ,“ - ამბობს ლუკა ნაჭყებია.
შეფის თქმითვე, ესმის იმ ბიზნესმენების, ვინც მოქალაქეობრივი პოზიციის ღიად დაფიქსირებას ერიდება, მაგრამ მიაჩნია, რომ გრძელ ვადაში ყველა დაზარალდება.
„რაც არ უნდა ეცადო, რომ მოგება შეინარჩუნო, შენი ბიზნესი გადაარჩინო და უსაფრთხოდ იყო, სახლს მარტო ვერ ააშენებ... მესმის ბიზნესმენების - ძალიან რთულია ბიზნესის შენება და შეიძლება, ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით დაგინგრიოს, მაგრამ თუ გარშემო ხალხი არ არის, ვინც შენ ბიზნესს ამოძრავებს, მოგების საშუალებას მოგცემს, თუ ყველა ღარიბი იქნება შენ ირგვლივ და შენი პროდუქტი არ დააინტერესებს, რომელ თავის გადარჩენაზე და რა ბიზნესზეა საუბარი?! რომელი ბიზნესი გაიხარებს?! კოლაფსი მოხდება. სამშენებლო ბიზნესი რომ ავიღოთ, აშკარად ბუშტის საფრთხე აქვს - რუსეთის გარდა მყიდველი არაა და ეგ ბაზარიც ადრე თუ გვიან ჩაიკეტება, რადგან არაფერია სამუდამო და ისინიც კრიზისში არიან.... როდემდე გადაგარჩენს რუსული ფული, რომელიც შავი ფულია?! თეთრი ფულის გარეშე კი, ელემენტარულ შიდა ვალს ვერ გადაიხდის ქვეყანა.. ის, ბიზნესი რომელიც ახლა ხმას არ იღებს, გრძელ ვადაში საკუთარ თავს აზიანებს“, - აცხადებს შეფი ლუკა ნაჭყებია.