მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო 12 დღეა, ნამდვილად საჭიროებს სანქციებს - ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი

"შოკირებული ვართ ძალადობით, ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებსაც უკეთესი მომავალი უნდათ მათთვის და მათი ოჯახებისთვის", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. როგორც ელჩი ამბობს, საქართველოს საკითხი ამ სხდომებზე განიხილება და სანქციების მომზადებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ყველანაირი მექანიზმი მაგიდაზეა. ყოველთვის ძალიან ნათლად ვამბობდი, რომ როცა სანქციებს ეხება საქმე ეს ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 ქვეყნის თანხმობა, მაგრამ რაც ხდება საქართველოში ბოლო 12 დღეა ნამდვილად საჭიროებს სანქციებს. ვიცი, რომ მიმდინარეობს სანქციების მომზადება და თანხმობის მიღწევა დამოკიდებულია 27 ქვეყნის დედაქალაქზე. ვიმედოვნებ, რთული იქნება თითოეული ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქისთვის რომ უარყონ ძალადობისა და ბრუტალობის ეს დონე. ვნახავთ ორშაბათს თუ იქნება სანქციები წარმოდგენილი. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს", - ამბობს ელჩი და ამატებს, რომ განხილული იქნება ასევე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც.

"ვნახავთ რას გადაწყვეტენ წევრი ქვეყნები. არის იმის ოფცია, რომ შეჩერდეს უვიზო კონკრეტული კატეგორიის პასპორტებზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ არ გვსურს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება და ხალხის დასჯა, რომლებიც აჩვენებენ საკუთარ მისწრაფებებს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. ისინი არიან თბილისისა და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში და აფრიალებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე ამაზე ვერ გავჩუმდებით. წევრი ქვეყნები ამ საკითხს ორშაბათს განიხილავენ და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება ორშაბათსვე იქნება მიღებული", - ამბობს ელჩი.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, რაც არის წევრი სახელმწიფოების 55%, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს. სანქციების დაწესებას კი 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები