ბათუმში მდებარე სასტუმრო Colloseum Marina ზაფხულის ტურისტულ სეზონს 80%-იანი დატვირთულობით შეხვდა, თუმცა დამსვენებელთა აქტივობა ისრაელ-ირანის ომის პერიოდში შემცირდა - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს დირექტორმა, ნიკო შეყლაშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, უცხოელი სეგმენტიდან Colloseum Marina-ში ძირითადად ისრაელის მოქალაქეები ჭარბობდნენ, რამაც ჯავშნებზე გავლენა იქონია.
რაც შეეხება სასტუმროს ძირითად დამსვენებლებს, მათი დაახლოებით 60%, შეყლაშვილის განმარტებით, ადგილობრივები არიან.
"ჯერ სეზონი ახლა დაიწყო, კარგად მიმდინარეობს და სასტუმრო დატვირთულია. ივნისის თვეში დატვირთულობა 75-80% გვქონდა; ივლისში უფრო უკეთ ვიყავით, მაგრამ, ომის გამო, ისრაელიდან ძალიან ბევრმა ჯგუფმა გაგვიუქმა ჯავშნები და ცოტა მოიკლო. ახლა ნელ-ნელა ემატება ისევ, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ვიცით დატვირთულობა, რამდენიმე შეგვეხმიანა, დაბრუნდნენ - ყველა არა.
ჩვენს სასტუმროში ძირითადად ებრაელები ჭარბობდნენ სულ, ცოტა რუსები, ცოტა არაბები. ძირითადად დამსვენებლები მაინც ქართველები არიან, სადღაც 60%-მდე", - აღნიშნა შეყლაშვილმა.
რაც შეეხება Colloseum Marina-ში განთავსების ღირებულებას, როგორც სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, გასული წლის შემდეგ ფასები მცირედით დაკორექტირდა: "ცოტათი გავზარდეთ ფასები, ძირითადად კვების ხარჯზე მოგვიწია. ძალიან არა, დაახლოებით 10%-ით".
ცნობისთვის, აჭარაში ტურისტული სეზონი 21-22 ივნისს, ორდღიანი ფესტივალით გაიხსნა. ღონისძიების - "ზაფხული იწყება აქ" - მუსიკალური ნაწილის გასამართად ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 11 მუსიკოსსა და ჯგუფს საერთო ჯამში 143 100 ლარი გადაუხადეს.




























