საქართველოში ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ტურიზმს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ისრაელიდან დაახლოებით 210 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელი 2022 წლის სტატისტიკით, TOP-10 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებდა. სწორედ აღნიშნულს გაუსვა ხაზი ისრაელის ელჩმა BMG-სთან ინტერვიუში.
„თუ საქართველოსთვის ტოპ-5 ქვეყანას ჩავხედავთ ტურიზმის თვალსაზრისით, ისრაელი არის ერთადერთი, რომელიც არ არის საქართველოს უახლოესი რეგიონიდან. ეს არ არის კლასიკური პირდაპირი ინვესტიცია, თუმცა, ამას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს ისრაელიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.
„საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან დიდი ინვესტიციები იდება იმაში, რომ ისრაელიდან ტურისტების მოზიდვა მოხდეს. იგეგმება დიდი დელეგაციის წასვლა ისრაელში, როგორც ვიცი, მარტში ერთ-ერთ კონფერენციაზე“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.
აღსანიშნავია, რომ გასული წელი ისრაელიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, რეკორდული იყო. წინა წლების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2021 წელს საქართველოში ისრაელიდან 100 686 ტურისტი ეწვია, 2020 წელს პანდემიის პერიოდში - 25 731; 2019 წელს - 205 051; 2018 წელს - 156 922; 2017 წელს - 115 040; 2016 წელს - 85 398; 2015 წელს კი - 55 439 ტურისტი.