მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან ორი თვე გავიდა – რა ვითარებაა რეგიონში?

ისრაელი

ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებიდან უკვე ორი თვეა გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი მოცულობის რესურსები და ენერგია დახარჯეს.

ისრაელის ცენტრალური ბანკი წინასწარი გამოთვლებით ჰამასთან ბრძოლა ისრაელს დაახლოებით 53 მილიარდ 400 მილიონი დოლარი უჯდება, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე მოდის. მთავრობის პროგნოზით, საომარი ხარჯები 2025 წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიურად აისახება.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წელს ისრაელის ეკონომიკის შემცირება პროგნოზირებული არ არის. ცენტრალური ბანკის გათვლებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც 0.3%-ით ნაკლებია ვიდრე პროგნოზირებული მაჩვენებელი, თუმცა ის მაინც პოზიტიურ შედეგს წარმოადგენს.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, ომის ფონზე, რეგიონის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად სრულად განადგურდა. პალესტინური ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად ღაზის სექტორში უმუშევრობის დონე 100%-ს აღწევს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეს საგანგაშო მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ღაზის სექტორში ეკონომიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ახალი დოვლათი აღარ იქმნება და მოსახლეობას შემოსავლის წყარო აღარ აქვს.

გაეროს შეფასებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის გადარჩენა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, რისთვისაც პირდაპირი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის არის განწირული.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ღაზის სექტორში 16,000-მდე მოქალაქეა დაღუპული, მათგან 7,000 კი არასრულწლოვანია. შენობების უმრავლესობა განადგურებულია, ინფრასტრუქტურა აღარ მუშაობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონს აღარ მიეწოდება არც დენი, არც წყალი და არც გაზი.

ყველაფერთან ერთად, ამჟამად ღაზაში საკვების და სასმელი წყლის კრიტიკული დეფიციტია, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, ომს კი ჯერაც არ უჩანს ბოლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები