ახალი კვლევის თანახმად, ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვების შედეგად, ქალაქის აღდგენის გარემოსდაცვითი ზარალი 60 მილიონი ტონა CO2-ის ემისიის ეკვივალენტი იქნება.
საქმე ისაა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის მიერ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის უპრეცედენტო საპასუხო იერიშს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, პალესტინის ტერიტორიაზე კი ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი განადგურდა. მსოფლიო ბანკისა და გაეროს გამოთვლებით, ომის პირველ 4 თვეში ღაზას ინფრასტრუქტურის დანგრევით მიღებული ზარალი პალესტინისთვის $18.5 მილიარდს აღწევს - განადგურებულია პალესტინის მწვანე საფარის 66%-მდე ნაწილი.
Social Science Research Network-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კონფლიქტის პირველი 120 დღის განმავლობაში ისრაელისა და პალესტინის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი აღემატება, საშუალოდ, 26 ქვეყნის წლიურ ემისიებს - ჯამში 650 ათასამდე ტონა ნახშირბადის ემისიის 90%-ზე პასუხისმგებელი ისრაელია, 10%-ზე კი - ჰამასი.
შუა აღმოსავლეთის კლიმატის ცვლილების მიმართ ისედაც მოწყვლადია: რეგიონში საშუალო ტემპერატურა იმაზე 20%-ით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გლობალურად. კვლევის თანახმად, ომის განმავლობაში გამოყოფილი ემისიების რაოდენობა 420 ათასი ტონიდან 650 ათას ტონამდეა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს, ეს რიცხვი 61 მილიონი ტონით იზრდება, რაც 135 ქვეყნის მიერ წარმოებული წლიური ემისიების ეკვივალენტია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არავითარი საერთაშორისო სამართლის ვალდებულება, რომელიც ომში მონაწილე მხარეებს გარემოზე ზემოქმედებისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებდა. მეტიც, პარიზის შეთანხმების თანახმად, რომელიც მსოფლიოში გარემოსდაცვით საკითხებს არეგულირებს, სამხედრო ემისიების ანგარიშების წარმოება ომში მონაწილე მხარეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
კვლევის თანახმად, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ღაზაში 200 000-მდე შენობა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და სკოლები, დაინგრა. გარდა ამისა, თუ ომის დაწყებამდე ღაზაში ელექტროენერგიის 25% მზის პანელებიდან გენერირდებოდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ომში განადგურდა, რის გამოც ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის წარმოებისთვის დიზელის გენერატორებს იყენებს.
ავტორები გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანია, ხაზი გაუსვას ომის გავლენას კლიმატურ პირობებზე, თუმცა არა ჰუმანიტარული კრიზისის უგულებელყოფის ხარჯზე. მათივე თქმით, ჰუმანიტარული კრიზისი და გარემოსდაცვითი აქტივობები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.