საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან, მათ შორის ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ჯავშნები უქმდება. ამის შესახებ BM.GE -ის ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა განუცხადა.
მისი თქმით, ტუროპერატორებისა და სასტუმროების გამოკითხვის შედეგად ბოლო დღეებში, ერთმანეთის მიყოლებით ისრაელიდან ტურისტული ჯავშნები აგვისტოს ბოლომდე გაუქმდა, ამის მთავარი მიზეზი კი ისრაელის მიერ საქართველოს წითელი ქვეყნების სიაში შეყვანა და შესაბამისად, ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ერთკვირიანი კარანტინის გავლის დავალდებულებაა.
„ჩვენი ინფორმაციით, ისრაელიდან ჯერჯერობით ათეულობით ჯავშანია გაუქმებული და თითოეული ჯავშანი შეიძლება 5 ან 10 ადამიანისგან შედგებოდეს. ამის საპასუხოდ ტუროპერატორები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტურიზმი მრავალფეროვანი ბაზრების უნდა ჰქონდეს, რათა ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები და ასეთ რთულ ვითარებაში გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.
ჯავშნების გაუქმების მეორე ფაქტორი უსაფრთხოებაა, რომელზეც ევროპა ალაპარაკდა და რომელიც ჩვენთვის დიდი დარტყმაა, რადგან ისრაელს ძალიან მალე ამ მდგომარეობიდან ჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაყვანა შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება ევროპას, ეს სრულად საქართველოზეა დამოკიდებული - სახელმწიფო სამსახურებზე, კერძო სექტორზე, დონორ ორგანიზაციებზე, დიპლომატებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ მათიანი ვართ, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ადამიანებს არ ვერჩით და ტურისტი აქ არ დაზარალდება. ამაზე დროული და სერიოზული სამუშაოა“, - განმარტა ია თაბაგარმა.
ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯავშნების გაუქმების 3 მიზეზს ასახელებს: „ისრაელის შემთხვევაში ეს მათი მოქალაქეებისთვის დაწესებული ერთკვირიანი კარანტინია; ევროპის შემთხვევაში უფრო უსაფრთხოების ნაწილი და ზოგადად ჯავშნების გაუქმების მიზეზი არსებული კოვიდვითარებაა. შესაძლოა, საქართველოში ამ მხრივ ვითარება არც ისე მძიმეა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუმცა იმიჯი გვაქვს ცუდი. ბევრად ცუდი მდგომარეობაა თურქეთში, თუმცა იქ საზღვაო კურორტებზე 1 მლნ ადამიანი ჩავიდა, რადგან კარგი იმიჯი აქვთ“.
ია თაბაგარი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ჯავშნების გაუქმების გამო დაწყებულ მოკვლევასაც ეხმიანება.
„ძალიან კარგია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ დაიწყო გამოკითხვა კერძო სექტორიდან იმაზე, რა არის ჯავშნების გაუქმების მიზეზი, თუმცა კერძო სექტორი ძალიან პასიურობს. კვლევა რამდენიმე დღის წინ კერძო სექტორის მოთხოვნით დაიწყო, იმისთვის რომ დარგს საერთო სურათი სცოდნოდა, რატომ უქმდებოდა ჯავშნები ხშირად კერძო სექტორიდან გვესმის საყვედურები, რატომ არ კეთდება კვლევა ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ როცა ასეთი კვლევა კეთდება დიდად თავს არ იწუხებენ“, - უთხრა BM.GE-ის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ჯავშნების გაუქმების გამო ტურიზმის ადმინისტრაციის გამოკვლევის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, ტურიზმის ინდუსტრიაში 2020 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და თქვა, რომ კვლევის მიხედვით გამოკითხულ ბიზნესსუბიექტთა 95%-ს ჯავშნები არ გაუუქმებიათ, ხოლო დანარჩენ 5%-ში ჯავშნების გაუქმების მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ არის.