2025 წელს, ისრაელთან ვაჭრობა სამჯერ, ხოლო იმპორტი ექვსჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, ჯამში, ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 188,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს - 59.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს - 36,8 მლნ აშშ დოლარი.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ისრაელთან ვაჭრობის ზრდა იმპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. თუ საქსტატის მონაცემებს ჩავხედავთ, კონკრეტულად, რისი იმპორტი გაიზარდა გასულ წელს, ვნახავთ, რომ პირველ ადგილზეა "დანარჩენი საქონელი", რომელზეც დაახლოებით 113 მლნ აშშ დოლარი მოდის, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა შედის "დანარჩენ საქონელში". "დანარჩენი საქონელის" იმპორტი დეკემბერშია დაფიქსირებული.
bm.ge-ის კითხვაზე, საქსტატში აღნიშნეს, რომ ამაში შედის ყველა სხვა საქონელი, მათ არ აქვთ ჩაშლილად მონაცემები და ამ ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურს უნდა მივმართოთ. Bm.ge-მ უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდანაც და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ისრაელიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი 2025 წელს:
- დანარჩენი საქონელი - 112,9 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 8,3 მლნ აშშ დოლარი
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები - 2,6 მლნ აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- ტელე-რადიო აპარატურისათვის განკუთვნილი ნაწილები - 1,16 მლნ აშშ დოლარი
2025 წელს გაზრდილია ექსპორტიც, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით. 2024 წელს ისრაელში ექსპორტი 37 მლნ აშშ დოლარი იყო, 2025 წელს კი 48,8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ისრაელში ექსპორტირებული TOP-5 პროდუქტი 2025 წელს:
- თხილი და სხვა კაკალი - 5,2 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4,2 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 3 მლნ აშშ დოლარი
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 2,9 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები - 2,9 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ კავშირებს ისრაელთან, გთავაზობთ ტურიზმის, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკასაც:
ტურიზმი
საქართველო ისრაელიდან ტურიზმით მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს. ეს ქვეყანა საქართველოსთვის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით მეოთხე ადგილზეა რუსეთის, თურქეთის და სომხეთის შემდეგ. კერძოდ, 2025 წელს, ისრაელიდან 402 426 ვიზიტი შედგა, 2024 წელს კი 310 982, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ზრდა 29.4% იყო. გასული წლის განმავლობაში ისრაელიდან ტურიზმით საქართველომ 586.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
FDI
ისრაელი ტოპ-10 ინვესტორ ქვეყანას შორის არაა. 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, ისრაელიდან ჯამში 42 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერ ცნობილი არაა. რაც შეეხება 2024 წლის ჯამურ ინვესტიციას, ისრაელიდან, საქსტატის ცნობით, 52,2 მლნ აშშ დოლარის FDI დაფიქსირდა.
ფულადი გზავნილები
ისრაელიდან მიმდინარე წლის იანვარში 24,6 მლნ აშშ დოლარის გადმორიცხვები დაფიქსირდა. რაც შეეხება გასულ წელს, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2025 წელს, ჯამში გადმორიცხვებმა 278 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამ ქვეყნიდან გადმორიცხვების რეკორდი იყო.




























