მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდ-საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოცდაში საქართველო არ ჩაერთვება - განმარტება

611a3b6ade787
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 14:10
8198
საქართველომ ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდ-საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდაში ჩართვაზე უარი თქვა - ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს დაუდასტურა და ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს პრეპარატი არ წარმოადგენს სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გვქონოდა საქართველოში ამ პრეპარატის გამოცდის საფუძველი. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ის ვერ მივიღეთ სანდო პრეპარატად“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს. ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევარების განცხადებით მედიკამენტი, ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.

აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ Jerusalem Post-მა ამ პრეპარატის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით საბერძნეთში თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილი პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ფაზა მიმდინარეობს, სადაც COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული 90 პაციენტიდან, რომლებიც ახალი COVID-19-ის პრეპარატით, EXO-CD24-ით მკურნალობდნენ, 93%-მა საავადმყოფო 5 ან ნაკლებ დღეში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები