ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტს „ჰამასთან“ ომი 200 მლრდ შეკელი, ანუ 51 მლრდ დოლარი დაუჯდება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ია. ასეთია ისრაელის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი ოპტიმისტური პროგნოზი, რომლის შესახებაც ისრაელური გამოცემა Calcalist-ი წერს.
შეფასება, იმ დაშვებითაა გაკეთებული, რომ კრიზისი 8 თვიდან 12 თვემდე გაგრძელდება და ის ღაზის სექტორის საზღვრებს არ გასცდება. 350 000 რეზერვისტი კი უახლოეს პერიოდში სამსახურებს დაუბრუნდებიან.
ისრაელის ფინანსთა სამინისტროში გაკეთებულ პროგნოზებს კორონავირუსის პანდემიას ადარებენ, რომელიც ბიუჯეტს დაახლოებით ამდენივე 160 მლრდ შეკელი დაუჯდა (არსებული კურსით 40.8 მლრდ დოლარი). თუმცა პანდემია 2 წელი გრძელდებოდა. გარდა ამისა ლოკდაუნების დასრულების შემდეგ ყველა მოთამაშე ეკონომიკურად გააქტიურდა, წარმოება, ინვესტიციები, მოხმარება და დასაქმების მაჩვენებლები სწრაფი ტემპით აღდგა.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის პირობებში აღდგენის ტემპი ნელი იქნება და ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკა, ომამდე პერიოდის ტენდენციებს არ დაუბრუნდება. „აქ არანაირი ხელოვნური შეჩერება არ არის, არის მიწოდების შოკი, რომელიც მოთხოვნის კრიზისში იზრდება, საპროცენტო განაკვეთები მაღალია, ეკონომიკური რისკები კი სწრაფად იზრდება“, - განმარტავენ უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი თანხის დახარჯვა უსაფრთხოებაზე მოუწევთ. თავდაცვაზე გასაწევი ხარჯი 100 მლრდ შეკელს მიაღწევს, რადგან ხარჯის დიდი ნაწილი რეზერვისტებს უკავშირდება, რომელთა რაოდენობა როგორც მოსალოდნელია შემცირდება. ბიუჯეტის დანაკლისი დაკავშირებულია ასევე შემოსავლის წყაროების გაქრობასთან და ჯილდოების გადახდებთან, რაც ბიზნესის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს.