ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის მესამე დღეს, Bloomberg-ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა.
ამასთან, ისრაელის სამხრეთში ვითარება კვლავ არასტაბილურია, ამის შესახებ ორშაბათს ისრაელის სამხედრო სპიკერმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში 1000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა. განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი და „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი.
”ჩვენ კვლავ ვიბრძვით, ღაზასთან ახლოს 7-8 ადგილია, სადაც ჩვენი მეომრები ტერორისტებს ებრძვიან. ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ველოდით”, - თქვა სამხედრო სპიკერმა.
შეგახსენებთ: ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.