მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიაში პირველად, განახლებადი ენერგიის წარმოებამ ქვანახშირის სადგურების გენერაციას გადაასწრო

განახლებადი

2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიაში პირველად, განახლებადი ენერგიის წყაროებმა გლობალურად ქვანახშირის სადგურებზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც ჩინეთსა და ინდოეთში მწვანე ინდუსტრიის სწრაფი ტემპით ზრდითაა განპირობებული - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ Ember-ის ანგარიშშია საუბარი.

საქმე ისაა, რომ ქვანახშირის სადგურების გენერაცია ატმოსფეროს ნახშირორჟანგით ორჯერ უფრო მეტად აბინძურებს, ვიდრე, მაგალითად, ბუნებრივი აირის წარმოება; შესაბამისად, ქვანახშირით გენერაციის ნულოვან დონემდე დაყვანა გლობალური კლიმატის მიზნების მისაღწევად ერთ-ერთი კრიტიკულ ინსტრუმენტად ითვლება.

იანვარ-ივნისის პერიოდში განახლებადი წყაროებიდან, როგორებიცაა ქარი და მზე, გლობალურად 5072 ტერავატ/საათი ელექტროენერგია დაგენერირდა. ამავე პერიოდში ქვანახშირის ელექტროსადგურების წარმოებამ 4896 ტერავატ/საათი შეადგინა.

Ember-ის ანალიტიკოსი აღნიშნულ მოვლენას “გარდამტეხ მომენტს” უწოდებს. მისი თქმით, მზის და ქარის ენერგიის ინდუსტრიები ახლა უკვე საკმარისად სწრაფი ტემპით იზრდებიან, რომ მზარდ გლობალურ მოთხოვნას დაეწიონ.

2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2.6%-ით, 369 ტერავატ/საათამდე გაიზარდა, რის დასაკმაყოფილებლად სრულად საკმარისი იყო მზის ენერგიის წარმოების ზრდა 306 ტვ/სთ-მდე, ხოლო ქარის - 97 ტვ/სთ-მდე.

განახლებად რესურსებზე გადაწყობა დიდწილად ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობითაა განპირობებული. ჩინეთმა, რომელიც ელექტროენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია, ენერგიის გენერაციაში წიაღისეული საწვავის წილი 2%-ით შეამცირა, მზისა და ქარის გენერაცია კი, შესაბამისად, 43% და 16%-ით გაზარდა.

ინდოეთში ქარისა და მზის ენერგიის წარმოება, საშუალოდ, 30%-ით გაიზარდა, რის ფონზეც ქვანახშირის მოხმარება 3.1%-ით შემცირდა.

ანალოგიურ პერიოდში წიაღისეული საწვავის მოხმარება გაიზარდა აშშ-სა და ევროკავშირში, რაც ელექტროენერგიაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ქარისა და წყლის ენერგიის შემცირებამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები