2024 წელი ბევრი რამით არის გამორჩეული, მაგრამ მთავარი ფაქტორი - არჩევნებია. მიმდინარე წელს, არჩევნები 50-მდე ქვეყანაში არის დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას ორ მილიარდ ადამიანზე მეტი გამოიყენებს, ანუ პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. არჩევნები უკვე ჩატარდა მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიად წოდებულ ინდოეთში და არანაკლებად გავლენიან ევროკავშირში. საქართველოში არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო ნოემბერში პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აირჩევენ.
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საარჩევნო წლის ფონზე გადავწყვიტეთ, ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური არჩევნების რეიტინგი შემოგთავაზოთ.
#1 — ინდოეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები
ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები პლანეტის ყველაზე უხმოსახლიან ქვეყანაში - ინდოეთში ჩატარდა. საუბარია 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელშიც 600-მა მილიონმა ინდოელმა მიიღო მონაწილეობა. ინდოეთი, მოგეხსენებათ, გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ქვეყანაა, სადაც მილიარდ 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, არჩევნები ტარდება არა ერთ დღეში, როგორც საქართველოში, არამედ ერთი თვის განმავლობაში. 2019 წელს, არჩევნები აპრილიდან მაისამდე გრძელდებოდა, რა დროსაც პარლამენტის ქვედა პალატის 543 ადგილისთვის 8,000-ზე მეტი კანდიდატი და 2,000-ზე მეტი პარტია იბრძოდა. პარტიებს შორის მთავარი საკითხები ინდოეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას უკავშირდებოდა. არჩევნების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის პარტიამ მოიპოვა.
#2 — აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ინდოეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური არჩევნების რეიტინგში პლანეტის ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები მოხვდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის არჩევანი 160-მა მილიონმა ამერიკელმა დააფიქსირა, ანუ მოსახლეობის 66.8%-მა, რაც ბოლო 120 წელიწადში დაფიქსირებული უმაღლესი შედეგი იყო. ამ არჩევნების შედეგად ამერიკელებმა პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51%, ანუ 81 მილიონი ხმა მიიღო, რაც საარჩევნო კოლეგიის 306 ხმას გაუტოლდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პანდემიის დროს ჩატარდა და ბევრმა მოქალაქემ ხმა ფოსტის საშუალებით მისცა, რამაც პროცესი რეკორდულად გაწელა.
#3 — ინდონეზიის 2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები
ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნების რეიტინგში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ინდონეზიაც მოხვდა, სადაც 270 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 800,000 საარჩევნო უბანზე 158 მილიონი ინდონეზიელი მივიდა, რომელთაც პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები და რეგიონული თვითმმართველობების წევრები აირჩიეს. საპარლამენტო და რეგიონულ საარჩევნო რბოლში 16 პოლიტიკური პარტია ჩაერთო, რომლებიც, ჯამში, ოცი ათასი საკანონმდებლო ადგილისთვის იბრძოდნენ. საპირწონედ ამისა, საპრეზიდენტო რბოლაში ერთმანეთს ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდო და ყოფილი სამხედრო გენერალი, პრაბოვო სუბიანტო დაუპირისპირდნენ. ჯოკო ვიდოდომ ხმების 55.5% მიიღო და პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით დარჩა.
#4 — ბრაზილიის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
მასტაბური არჩევნების ჩამონათვალში სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანაც მოხვდა. ბრაზილიის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა დაუპირისპირდნენ. არჩევნები იმდენად ახლო და კონკურენტული აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვინაობა მხოლოდ მეორე ტურში გაირკვა, სადაც ლულა და სილვამ მის კონკურენტს მხოლოდ 1.8%-ით აჯობა და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. არჩევნების დროს, მთავარი საკითხები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ამაზონის გაუტყიარება და პანდემიის შემდეგ მორყეული ჯანდაცვის სისტემა იყო.
#5 — ბანგლადეშის 2018 წლის საპარლამენტო არჩევნები
ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნების რეიტინგის მეხუთე ადგილი ბანგლადეშმა მოიპოვა, სადაც 2018 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემა 100 მილიონ ბანგლადეშელს შეეძლო, რომელთაც პარლამენტის 300-კაციანი შემადგენლობა აირჩიეს. თუმცა აღნიშნული არჩევნები, მეტად არაკონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც შედეგებშიც გამოჩნდა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ ხმების 96% მიიღო და პარლამენტში 288 ადგილი დაიკავა. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შეფასებით არჩევნები გაყალბდა, რასაც უშედეგო პროტესტები მოჰყვა.