აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი ადამიანებს, რომლებიც საქართველოში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ, ურყევ მხარდაჭერას უცხადებს.
დეიმონ ვილსონის ვიდეო მიმართვაში საუბარია ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მთავრობის მცდელობაზე, რომ დააზიანოს პარტნიორებთან ურთიერთობა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე.
„მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორების დღეების შემდეგ, მინდოდა პირდაპირ მომემართა და მეთქვა მადლობა. ჩვენ მხარს გიჭერთ, ვამაყობთ თქვენით. ძალიან ბევრი ქართველი გამოვიდა რუსეთიდან ინსპირირებული უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტში განიხილება. ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ ვაშინგტონს სტუმრობდა ქართული საპარლამენტო დელეგაცია, რომელმაც NED-თან საუბარი იმით დაიწყო, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ხორცი უნდა შეესხას. რაც გვესმოდა ვერ ვიჯერებდით, რადგან რამდენიმე წუთით ადრე, მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის შემაძრწუნებელი მიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც მან იმ ქართველი პატრიოტების დემონიზება და დეჰუმანიზაცია მოახდინა, რომლებიც თავისი ქვეყნის დასახმარებლად მუშაობენ, ის ასევე ძალადობით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს, შეუტია საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და მოკავშირეებს. ეს შორსაა აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებისგან. მთავრობას თითქოს განზრახული აქვს, რომ ხორცშესხმის ნაცვლად, ძვლებიდან ხორცი ააცალოს ამ ურთიერთობას.
მაშინ, როდესაც მთავრობა მოკავშირეებთან მეგობრული კავშირების გაწყვეტას ცდილობს, ის თქვენი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლის სურვილითაც სულ უფრო თავხედურად გამოდის. ვნახეთ, როგორ უმოწყალოდ სცემდა სპეციალური დანიშნულების ძალები და პოლიცია მოქალაქეებს, იჭერდა მათ, ძალადობდა მშვიდობიან მომიტინგეებზე. საქართველოში მძიმე დროა. მძიმე დღეებია საქართველოს ბევრი მეგობრისთვისაც, ვინც გასულ წლებში ამდენი ინვესტიცია ჩადო ყველა თქვენგანში, ურთიერთობების გამყარებაში. ჩვენ სიამოვნებით ვდებდით ენერგიას და მხარს გიჭერდით, რადგან ვხედავდით დემოკრატიისკენ თქვენს სწრაფვას, სურვილს, მყარად დაგეკავშირებინათ თქვენი სახელმწიფოს ბედი დასავლეთთან, გვესმოდა თქვენი მტკიცე და ამაყი განცხადებები, რომ ევროკავშირსა და ნატოში იმსახურებდით ადგილს. თქვენი ენერგია, თქვენი აქტიურობა და სიმტკიცე ჩვენც შთაგვაგონებდა, ბევრ ამერიკელს, და მათ შორის პირადად მეც.
იმ კავშირის მიუხედავად, რომელიც თქვენთან გვაქვს, ვიცით, რომ წარსულში იმედი გაგიცრუეთ. 2008 წელი შავ ლაქად რჩება ბევრი ჩვენგანისთვის, მათ შორის პირადად ჩემთვისაც. მაგრამ ჩვენი წარსული შეცდომები მხოლოდ ამყარებს საქართველოს მომავლისადმი ჩვენს მხარდაჭერას. როგორც დელეგაციას ვუთხარით, არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანია იმიტომ, რომ თქვენ იყურებით მომავლისაკენ.
როგორც სენატორმა შაჰინმა და რიშმა, 12 სხვა სენატორთან ერთად აღნიშნეს წერილში გასულ კვირას, იქნება კონკრეტული შედეგები ბიძინასთვის და მათთვის, ვინც ხმას მისცემენ რუსული ტიპის კანონმდებლობის მიღებას. ნებისმიერ მათგანს, ვინც დააპირებს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის ნებას შეეწინააღმდეგოს ვეუბნებით, რომ ჩვენ არ გვჩვევია ისტორიულ მომენტებში უკან დახევა. პირიქით, ორმაგ გულმოდგინებას ვიჩენთ. ეს სწორედ ასეთი მომენტია.
ისტორიის ხაზები დაძრულია. უკრაინაში რუსეთის ძალადობრივმა და გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კარი გაუხსნა.
არჩევნებს საქართველოში შეუძლია ქვეყნის ევროპისკენ სვლის ტემპის დაჩქარება, ანდა მისი ათწლეულებით უკან დახევა. ახლა მომენტია, როდესაც საქართველოს შეუძლია აირჩიოს: თავისუფალ სამყაროში ჩაუშვას ღუზა, ან არა.
როდესაც ვხედავთ ათობით ათასი თქვენგანის მშვიდობიან და ხალისიან პროტესტს, გვახსენდება ჩვენი ოპტიმიზმი და რწმენა საქართველოს მიმართ. გვახსენდება, რატომ შეგვიყვარდა საქართველო. საქართველოს სულისკვეთება პოლიციის ხელკეტში კი არა, არამედ იმ წყვილშია, რომელმაც ქორწინება აქციაზე აღნიშნა. არა ერთი კაცის დელუზიურ გამოსვლაში, არამედ რუსთაველზე ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებაში, ევროპის დროშებით გამოსული ადამიანების სიმამაცეში, რომლებიც ხმამაღლა იცავენ თავისუფლებას და რომელთა ხმასაც ვერავინ ჩაახშობს.
მაშინ, როცა მრავალი თქვენგანი საკუთარ უფლებებს, საკუთარ მომავალს იცავთ, ჩვენ ეს გზავნილი გვაქვს: გხედავთ, თქვენი გვესმის და მხარს გიჭერთ. ჩვენი მხარდაჭერა ურყევი იქნება. თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ.
წარმატებებს გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით! ",- აღნიშნავს ვილსონი.