საქსტატმა 2025 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მშპ-ის ზრდამ ამ კვარტალში 7.3% შეადგინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის არაერთ სისტემურ დარგში ზრდა დაბალია - მაგალითად, ვაჭრობაში მატება მხოლოდ 1.5%-ია, ხოლო დამმუშავებელ მრეწველობაში კი - 2%. ამასთან, რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირებაა - კერძოდ მშენებლობის სექტორში კლება 2.6%-ია, ენერგეტიკაში - 7%; სოფლის მეურნეობაში კი - 2.5%.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, II კვარტალში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT სექტორი) იყო, რომლის ზრდამაც 37% შეადგინა. ასევე განსაკუთრებით მაღალი 28%-იანი ტემპით გაიზარდა განათლების სექტორი, ხოლო აზარტული თამაშების სექტორი კი - 16%-ით; რომ არა ამ სექტორებში არსებული ზრდა მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაბალი იქნებოდა.
კერძოდ - IT სექტორის წილი ეკონომიკაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა (მატება წინა წელთან 481 მილიონი ლარი); განათლების სფეროს ზომა II კვარტალში 1.5 მილიარდი ლარი იყო (მატება წინა წელთან 375 მილიონი ლარი); ხელოვნება/გართობისა და აზარტული თამაშების სექტორის ზომა 993 მილიონი ლარი იყო (მატება წინა წელთან 215 მილიონი ლარი). ამ სამი სექტორის ჯამური მატება წინა წელთან 1.07 მილიარდი ლარია. ამ თანხის გარეშე ეკონომიკის ზომა, რაც II კვარტალში 25.4 მილიარდი ლარი იყო 24.3 მილიარდი ლარი იქნებოდა, ხოლო ზრდა კი 5%-ზე ნაკლები.
ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:
| სექტორი | II კვ. 2025 ლარებში | სექტორის ზრდა/კლება |
| საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 3,277,600,000 ლარი; | 1.5% |
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 2,024,300,000 ლარი; | 1.7% |
| დამმუშავებელი მრეწველობა | 1,978,400,000 ლარი; | 2.0% |
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 1,667,100,000 ლარი; | 37.1% |
| მშენებლობა | 1,633,000,000 ლარი; | -2.6% |
| სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 1,551,300,000 ლარი; | -2.5% |
| სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 1,505,100,000 ლარი; | 9.1% |
| განათლება | 1,492,700,000 ლარი; | 28.9% |
| საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 1,207,900,000 ლარი; | 11.8% |
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 1,182,300,000 ლარი; | 3.1% |
| განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 1,016,700,000 ლარი; | 8.4% |
| ხელოვნება, გართობა და დასვენება (აზარტული თამაშები) | 993,800,000 ლარი; | 16.0% |
| ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 893,100,000 ლარი; | 14.3% |
| ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) | 493,900,000 ლარი; | -7.0% |
| პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 483,400,000 ლარი; | 6.2% |
| ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 268,600,000 ლარი; | 13.6% |
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 221,600,000 ლარი; | 0.1% |
| სხვა სახის მომსახურება | 216,400,000 ლარი; | -2.5% |
| წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 155,900,000 ლარი; | 8.4% |
| შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 15,900,000 ლარი; | -44.7% |




























