კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორმა, ოთარ ტაბატაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” ინფორმაციული ტექნოლოგიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპიუტერული მეცნიერებების სფერო სწორი განვითარების შემთხვევაში, სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდება. მისი თქმით, 3.7 მილიონი ადამიანი, სხვადასხვა ენის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომ გახდეს, ყველას მაღალანაზღაურებადი სამსახური ექნება.
“ადამიანებს საქართველოში და მის მიღმა, გლობალურ ბაზარზე თავისუფლად შეუძლიათ დასაქმება, რადგან მოთხოვნა მუდმივად მზარდია და თუკი წლების განმავლობაში, საერთაშორისო კომპანიები ადამიანურ რესურსს, ინდოეთიდან ან ჩინეთიდან ირჩევდნენ, ახლა, პროფესიონალები ჩვენგანაც, დისტანციურად საქმდებიან, ხოლო ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწორად განვითარების შემთხვევაში, ეს სფერო დიდი წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში” - აღნიშნავს ოთარ ტაბატაძე.
კომპანია „ორიენტ ლოჯიკის,“ საოპერაციო დირექტორი ასევე ამბობს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლას, დიდი დრო არ სჭირდება. სასწავლო პროგრამა საკმაოდ ხანმოკლე და პრაქტიკულია, რაც უმოკლეს დროში ბევრი ადამიანის დასაქმების შანსს აჩენს.
“მაგალითად, პროგრამის გავლის შემდეგ, ანუ 6 თვეში ადამიანს შეუძლია, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში დამოუკიდებლად იმუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული, მით მეტად დავეხმარებით ჩვენივე ქვეყნის ეკონომიკას,” - განაცხადა ტაბატაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2 408 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის თებერვალში 650 584 შეადგინა. ეს კი მთლიანი მოსახლეობის 17.4%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საარსებო შემწეობას 535 ათას 516 ადამიანი იღებდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 მილიონ 728 ათას 600 ადამიანი ცხოვრობს და თითქმის ყოველი მე-5 - 6 ადამიანი ღარიბია, რომელიც ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს.