იტალიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სავაჭრო შეთანხმების იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის დადებასაც ევროკავშირი სამხრეთ ამერიკის მსხვილ ეკონომიკურ მოთამაშეებთან, მათ შორის, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისა და ურუგვაისთან გეგმავს.
როგორც მელონისა და მაკრონის ადმინისტრაციებში აცხადებენ, ევროკავშირ-მერკოსურის გარიგება ევროპელი ფერმერების ინტერესებს სრულად არ იცავს. ამასთან, შესაძლო პარტნიორებს ევროკავშირის სტანდარტების დაცვას მკაცრად არ ავალდებულებს, რაც აჩენს რისკს, რომ ევროპულ ბაზარზე საფრთხის შემცველი ხორცპროდუქტები და პესტიციდები შემოვა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური რომისა და პარიზის პოზიციას არ იზიარებენ ესპანეთში, გერმანიასა და ნორდიკულ სახელმწიფოებში, სადაც იმედოვნებენ, რომ გარიგება ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის, ჩინეთზე დამოკიდებულებას კი საგრძნობლად შეამცირებს. სავაჭრო შეთანხმების ამ კვირის ბოლომდე გაფორმებას კრიტიკულად აფასებენ უნგრეთსა და პოლონეთშიც.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და მერკოსურის სახელმწიფოებს შორის სავაჭრო შეთანხმების დადებაზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკომისია, ასევე ევროსაბჭო და ევროპული პარლამენტი, სადაც საკითხზე მსჯელობა კვლავ გრძელდება. გარიგების მომხრეები აცხადებენ, რომ ევროკავშირისთვის დამახასიათებელი მკაცრი სტანდარტების ერთიანად მოთხოვნა სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებს ვაჭრობის ინტერესს გაუქრობს და პროცესს ჩაშლის, მოწინააღმდეგეები, მათ შორის იტალია და საფრანგეთი კი განმარტავენ, რომ პრიორიტეტი ევროპის ინტერესების დაცვა უნდა იყოს.
იტალიისა და საფრანგეთის მიერ პროცესის გაჭიანურების საპასუხოდ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მუქარის შემცველი განცხადება გააჟღერა და თქვა, რომ თუ ევროკავშირი მერკოსურთან შეთანხმებას დათქმულ პერიოდში არ მოაწერს ხელს, ის თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ანუ 2027 წლამდე გარიგების დადებას აღარ დაუშვებს.




























