პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.
კანონპროექტი საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარუდგინა, სხდომიდან სხვადასხვა დროს, ხმაურის და დაუმორჩილებლობის გამო თავმჯდომარემ გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას არ ესწრებოდნენ ონლაინ-მედიის და რადიოს ჟურნალისტები.
მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარუდგინეს არაერთი არგუმენტი, თუ რატომ არის კანონი რუსული და რატომ გამოიწვევს ის ორგანიზაციების გაქრობას, თუმცა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ დღეს არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია იმის შესახებ, თუ რატომ არის კანონი რუსული.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორი იქნება პროცედურები "რუსული კანონის" განხილვისას, 11:45 საათზე ბიუროს სხდომის შემდეგ გაირკვევა.
დეტალური პროცედურა კი ასეთია:
- საკომიტეტო განხილვა;
- ბიურო სხდომა იქნება;
- კანონპროექტის მისაღებად საჭიროა დეპუტატების სამი მოსმენით მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე;
- "რუსული კანონის" საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული;
- კანონი, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, მმართველმა უმრავლესობამ ასამოქმედებლად ის უნდა დაძლიოს
"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.