საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ვერ დაესწრნენ, რომელზეც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობაში შესვლისას ბარიერები შეუქმენს. დეპუტატები განმარტავენ, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტების მხარდაჭერა წუთებში ხდება და სწორედ ეს წუთები დააკარგვინეს დეპუტატებს, მაშინ როდესაც უმრავლესობის წევრების შეყვანა რობოკობემა უზრუნველყვეს.
„ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი:
„პარლამენტს შემოარტყეს ალყა, შემოაპარეს რუსეთის წარმომადგენლები, უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში, მეორე მხარეს გააკეთეს პოლიციის კედელი, რომელმაც ჩვენ შეგვაყოვნა და ოპოზიცია დროულად არ შემოუშვა პარლამენტში. მერე ჩუმად, მალულად ისე რომ მედიის წარმომადგენელსაც არ მისცეს კომიტეტზე შესვლის უფლება, რაც თავისთავად ყველანაირი პროცედურული დარღვევაა 1:30 წუთში, ისე რომ ვერც დასხდნენ დაამტკიცეს ეს კანონი. ეს არალეგიტიმური პროცესია და როგორც კანონის მიღება მოხდა, ის ვერ იქნება ლეგიტიმური“.
„ევროპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე:
„ჩვენ დაგვაყოვნა გარეთ პოლიცია, შემდეგ ველოდებოდით პრესას. ჟურნალისტებიც არ იყვნენ დარბაზში და ეს ყველას უნდა ესმოდეს და სანამ კიბეებზე ჩავედით, მანამდე დაასრულეს და დაასრულეს არალეგიტიმურად. კომიტეტის წევრები სკამებზეც არ ისხდნენ“.
„ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი:
საკანონმდებლო ისტორიას არ ახსოვს მსოფლიოში, რომ დეპუტატი არ შემოეშვათ პარლამენტში, როდესაც ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. დილიდან იყო პოლიტიკა, რომ ძალის გამოყენებითა და რობოკოპების დახმარებით შემოეყვანათ ოცნების დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები შეექმნათ ხელოვნური ბარიერები, რადგან მესამე მოსმენა წუთებში ხდება და სწორედ ეს წუთები დაგვაკარგვინეს.
„საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი:
„რეალურად არასწორია, არც პროცედურულ დემოკრატიაში ჯდება და არც შინაარსობრივად სწორია, როდესაც ორიენტირებული ხარ სხდომის უცებ ჩატარებაზე, რომ ჩუმად 1 წუთში დაამთავრო ყველაფერი და ოპოზიცია არ გყავდეს“.