მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება

მინისტრის მოადგილეები

იუსტიციის მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება. როგორც BM.GE-ის სამინისტროში განუმარტეს აქამდე უწყების ხელმძღვანელს 4 მოადგილე ჰყავდა.

„მინისტრების ყოფილი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში განაგრძობენ, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა დაკონკრეტებული არ არის მინისტრის ყოფილი მოადგილეები ახალი მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებით აღარ იკავებენ ამ პოზიციებს, თუ საკუთარი გადაწყვეტილებით.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავეს. აქედან ბექა ძამაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ამ პოზიციებზე აქამდეც იკავებდნენ. ნიკო თათულაშვილი კი მინისტრის ახალი მოადგილეა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

ბექა ძამაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს იუსტიციის სამინისტროში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

ერეკლე ღვინიანიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა წლებში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას. 2022 წლიდან იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრების მოადგილეების შესახებ ინფორმაცია ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის ახალ მინისტრ ანრი ოხანაშვილს პირველ სამუშაო 3 დეკემბერს ჰქონდა. ანრი ოხანაშვილი თანამშრომლებს პირადად გაესაუბრა და თითოეული მათგანის საჭიროებებით დაინტერესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები