მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი?

ანრი ოხანაშვილი

დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის კანდიდატად ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ის ამ პოზიციაზე რატი ბრეგაძეს შეცვლის.

ანრი ოხანაშვილი 2020 წლიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ის ამასთან, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

მინისტრობის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია ასეთია:

ანრი ოხანაშვილის მეუღლე თბილისში დიღომში ფლობს 800 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 509 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს.

დეკლარაციის თანახმად, ანრი ოხანაშვილი საბანკო ანგარიშებზე ინახავს 2 ათას ლარამდე თანხას, ხოლო ნაღდი ფულის სახით აქვს 8 ათასი ევრო და 9.5 ათასი დოლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა გასულ წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 53,449 ლარის ანაზღაურება მიიღო, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორობით მისი ანაზღაურება 7017 ლარი იყო, მისი მეუღლე მაკა ხოდელი კი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და მისი ანაზღაურება 13,665 ლარს შეადგენდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კი ხოდელმა ასევე სამართლის ფაკულტეტზე 3577 ლარის ანაზღაურება მიიღო.

მსხვილი ხარჯებიდან ოხანაშვილი შვილების სწავლის საფასურში გადახდილ 19 ათას ლარს წერს.

საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია.

პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტოვებენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მორიგი მინისტრი დავით სონღულაშვილი გახდება.

აღსანიშნია, რომ უკვე არსებული ინფორმაციით ახალი მთავრობის პირობებში სიახლე ის იქნება რომ კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტრო გამოეყოფა და ორ უწყებას ახალი მინისტრები ეყოლება. სპორტის მინისტრის პოსტს შალვა გოგოლაძე, ხოლო კულტურის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებენ. ახალი მთავრობა 13 უწყებით იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები