მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის სამინისტრო Inter Rao-სთან წაგებულ საარბიტრაჟო დავაზე განმარტებას აკეთებს

Inter Rao ინტერ რაო

იუსტიციის სამინისტრო BMG-ის პასუხობს, რომ Inter Rao-სთან ჯერ კიდევ 2022 წელს წაგებულ ორ საარბიტრაჟო დავაზე საქართველოს მხრიდან კომპენსაციების გადახდა არ მომხდარა, რადგანაც საქართველომ მიღებული განაჩენი გაასაჩივრა და იქამდე, სანამ საქმეზე განხილვები მიმდინარეობს, განაჩენის აღსრულების პროცესი შეჩერებულია.

BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს ამ საკითხზე კითხვით ჯერ კიდევ 10 თებერვალს მიმართა, თუმცა უწყების პასუხი მხოლოდ 15 ივლისს, 5-თვიანი ვადაგაცილებით მოვიდა.

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავები 2022 წელს წააგო. მათ შორის სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ინვესტორის სასარგებლოდ 112 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა, ხოლო მსოფლიო ბანკთან არსებულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა $76 მილიონი დოლარი. შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან განმარტება გაკეთდა, რომ დავები ურთიერთგადამფარი იყო და კომპენსაცია არა 112 მილიონ დოლარს, არამედ 76 მილიონ დოლარს შეადგენდა.

"განცხადებაში მითითებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება „Gardabani Holdings B.V. & Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“ საარბიტრაჟო დავას, აღვნიშნავთ, რომ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავას განიხილავდა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID). ამ ეტაპზე ქართული მხარის ინიციატივით, ICSID-ის კონვენციით დადგენილი წესების შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ანულირების პროცესი, ხოლო საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ანულირების კომიტეტის მიერ დროებით შეჩერებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება. აქვე გაცნობებთ, რომ ამ საარბიტრაჟო დავის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელეებისათვის რაიმე სახის თანხა არ გადაუხდია,"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

საარბიტრაჟო დავა Inter Rao-მ 2017 წელს წამოიწყო.

რა მოხდა:

ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც, Inter Rao აცხადებს, რომ როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს, საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები