მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრომ პრაქტიკა შეცვალა და საარბიტრაჟო დავებზე BMG-ის ინფორმაციას არ აწვდის

სალია

იუსტიციის სამინისტრომ პრაქტიკა შეცვალა და საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე საინვესტიციო დავების შესახებ BMG-ის ინფორმაციას არ აწვდის.

საქმე ის არის, რომ BMG-მ, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, საჯარო ინფორმაციის სახით, გამოითხოვა საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებდა - ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობით სულ რამდენი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. კერძოდ: 1. დავის რაოდენობა; 2. მოსარჩელე მხარე/კომპანია, 3. დავის საგანი და ღირებულება [ცალ-ცალკე როგორც საგანი, ისე - ღირებულება]; 4. საარბიტრაჟო ინსტიტუტი].

პაატა სალიას უწყებიდან მოგვწერეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის III თავის [ინფორმაციის თავისუფლება] მოქმედება არ ვრცელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან.

„ვინაიდან დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ საარბიტრაჟო საქმეებზე სამართალწარმოებები კვლავ მიმდინარეობს, მოკლებულნი ვართ მათთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას“, - აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ BMG მინიმუმ წელიწადში ერთხელ ითხოვს საჯარო ინფორმაციას საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე დავების შესახებ და დღემდე, პასუხებს კანონის ვადის დარღვევით, მაგრამ მაინც ვიღებდით.

BMG-მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იგივე კითხვებით კიდევ ერთხელ მიმართა და ასევე, მოვითხოვეთ, განმარტონ რატომ შეცვალა უწყებამ პრაქტიკა ანუ როდის არღვევდა კანონს - წინა წლებში თუ ახლა. საჯარო ინფორმაციის მიღებისთანავე სტატიას განვაახლებთ.

აღნიშნულს ადასტურებს BMG-ის ციფრული არქივი, სადაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული არაერთი სტატია იძებნება. მათ შორის ეს - 12 საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ - ვინ გვიჩივლა?

BMG-ის, ასევე, აინტერესებდა, რუსულ Inter Rao-სთან აპელაციაშიც წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო, რამდენი მილიონი ლარი/დოლარი აქვს სახელმწიფოს გადასახდელი Inter Rao-სთვის და რა ვადაში. გარდა ამისა, ვითხოვდით რა ეტაპზეა საარბიტრაჟო დავა ENKA-თან, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ წააგო, მაგრამ გაასაჩივრა. პაატა სალიას უწყებამ არც ამ კითხვებზე მოგვაწოდა კონკრეტული ინფორმაცია და მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.

„ბოლო წლებში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა, ჯამში, ხუთი დავა, რომელთა ფარგლებში დაკმაყოფილდა, დაახლოებით, 130 მილიონი ლარის მოთხოვნა, ხოლო თავიდან აცილებული ზიანის ოდენობა აღემატება 4,5 მილიარდ ლარს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ირგვლივ მიმდინარე წარმოებების გათვალისწინებით, საქართველოს არცერთი მოსარჩელის მიმართ არ განუხორციელებია რაიმე გადახდა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში 12 საინვესტიციო დავა მიმდინარეობდა. რამდენადაც საჯაროდ ცნობილია, მათგან სამი დავა - ორი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ და ერთი „ინტერ რაოსთან“ დასრულდა. ჩვენთვის უცნობია, ბოლო ორ წელიწადში დაწყებული საარბიტრაჟო დავების შესახებ ინფორმაცია.

BMG-ის იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით იურიდიული კომპანიების მომსახურებისთვის მხოლოდ 2025 წლის 8 თვეში 31 მლნ 811 ათასი ლარია დახარჯული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციითვე, 2024 წელს, საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე დავების იურიდიული მომსახურება გადასახადების გადამხდელებს 59.7 მლნ ლარი დაუჯდა.

2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთავრობა ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავება [არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა] 55 მლნ ლარი დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები