„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიის" ღონისძიების ჩასატარებლად სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროსთვის 4 მლნ ლარი გამოიყო.
კერძოდ, მთავრობის 16 ივნისის განკარგულებაში წერია, რომ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სერვისების ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 ივნისის განკარგულების შესაბამისად, „საჯარო სერვისების გაეროს ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიის" (2026 United Nations Public Service Forum and Awards Ceremony) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისა და დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 4 000 000 ლარი.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „საჯარო სერვისების გაეროს ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონია" 23-25 ივნისს ჩატარდა. ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს. უწყების ცნობითვე, 3-დღიან ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე და ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.




























