2025 წლის IV კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 51%-მა დააფიქსირა გაყიდვების ზრდა, ხოლო 10%-მა - შემცირება. რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 46% ფიქრობს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 23% შემცირებას მოელის. ამის შესახებ გასული წლის მეოთხე კვარტალის BAG ინდექსშია აღნიშნული.
ინდექსის თანახმად, გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2025 წლის IV კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მრეწველობის (67%) და ვაჭრობის სექტორებში (65%) აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად - მშენებლობის სექტორში (14%). 2026 წლის I კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მომსახურების სექტორში (55%) ფიქსირდება.

გაყიდვების ფასები
2025 წლის IV კვარტალში გამოკითხული კომპანიების 11%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 27% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას.
სექტორებს შორის, 2025 წლის IV კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მომსახურების სექტორში (15%) აფიქსირებს. 2026 წლის I კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში (32%) ფიქსირდება.
ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG
ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.
აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის მეოთხე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 17 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდში.




























