2024 წლის IV კვარტალში საქართველოში 285 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (69%) შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისსა და (12%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.6%). 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით სამაცივრე მეურნეობები 11%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 321 მომხმარებელს. სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 395 იყო.
ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია, რამდენადაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ მომსარებით მიღებული შემოსავალი 6.6 მლნ ლარი იყო.
2024 წლის IV კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 73 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 35% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23% – ხილი და ბოსტნეული, 19.7% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა) და სხვა პროდუქტი.
საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.8 მლნ ლარი შეადგინა.
2024 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.6%-ს – საკუთარი წარმოების, 26.9%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 50.5%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა.
ოფიციალური მონაცემებით, IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 138.3 მლნ. ლარის ღირებულების (21.6 ათასი ტონა) პროდუქცია გაიყიდა, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში,
იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 32.8%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 23%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 44.2%.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 53.7% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (33.3%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.1%) და თევზეულზე (9.3%) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, შემცირებულია სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებაც, რამაც IV კვარტალში 3.8 მლნ. ლარი შეადგინა [2023 წლის IV კვარტალში 5.5 მლნ ლარი იყო], რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7%-ს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 58.8%-ს, ნოემბერში – 57.9%-ს, ხოლო დეკემბერში – 53.1%-ს.