ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის თქმით, იმ განცხადებებს, რომლებიც გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ, tv პირველთან ინტერვიუში გააკეთა, პასუხი არ სჭირდება.
"ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არ გაქვთ.
იმას პასუხი არ სჭირდება. ინტერვიუ ნახეთ, იქ ყველაფერი იკითხება", - განაცხადა ივანიშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა, გუშინ tv პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნისთვის სახიფათოა.
„მერწმუნეთ, ამ წლების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და ბევრი რამ შემიძლია გამოვიტანო სააშკარაოზე, მაგრამ უნდა მორჩეს ამ ფარული დოკუმენტებით ხელისუფლებების ცვლილება ამ ქვეყანაში. ივანიშვილმა თავი გაიშიშვლა, არ არის საჭირო დღეს რომ ვინმემ ამოიღოს დოკუმენტი - აი, თურმე პროკურორს როგორ ესაუბრებოდა თუ მოსამართლეს, ეს ისედაც გასაგებია, ერთადერთი კაცის ხელში არის მთელი ქვეყანა... ის, რასაც ქართველ ხალხს ჰპირდება, არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ოპოზიციურ პარტიებს და ამომრჩევლებს გასამართლებას ჰპირდება და მერე ისეთი ოპოზიციის შექმნას, რომელიც მისთვის მისაღები იქნება, ჟირინოვსკი და ზუგანოვის ოპოზიცია მახსენდება, ეს იყო მისაღები რუსეთისთვის“, - ამბობს ბაჩიაშვილი.